29 წლის წინ მსოფლიოში პირველი ვებგვერდი გაეშვა
1980-იან წლებში, როდესაც ტიმ ბერნერს-ლიმ გაიგო, თუ როგორ ინახებოდა და ზიარდებოდა ინფორმაცია ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN), იგი იმედგაცრუებული დარჩა.
მან შეამჩნია, რომ ინფორმაცია არა მხოლოდ არაეფექტიანად იყო გადანაწილებული, არამედ იგი ხშირად იკარგებოდა კიდეც — ძირითადად, კადრების მაღალი დენადობის გამო. ძველი პროდუქტების ტექნიკური ნაწილები ხანდახან ან სამუდამოდ იკარგებოდა ან მათი აღდგენა მხოლოდ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ხდებოდა. CERN-ის განსხვავებული განყოფილებები სხვადასხვა პროგრამულ ენაზე დაწერილ პროგრამებს იყენებდნენ, რაც ინფორმაციის გადაცემას მოუხერხებელს და შრომატევადს ხდიდა.
ტიმმა ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა და 1989 წელს ორგანიზაციას ინფორმაციის სამენეჯმენტო გეგმა, Information Management: A Proposal წარუდგინა. იგი ისეთ სისტემას აღწერდა, სადაც CERN-ის ყველა განყოფილება ექსპერიმენტის შესახებ საკუთარ ინფორმაციას განათავსებდა, დანარჩენებს კი ამ ინფორმაციაზე წვდომა ექნებოდა. ეს სისტემა ჰიპერტექსტს გამოიყენებდა, რათა ადამიანებს ინფორმაციის განთავსება და მიღება ნებისმიერი კომპიუტერიდან შეძლებოდათ. სწორედ ეს იყო WWW-ის (World Wide Web) დასაწყისი.
პირველი ვებგვერდი 29 წლის წინ, 1991 წლის 6 აგვისტოს გაეშვა. ჩვენ ვიცით, რომ იგი პროექტის შესახებ ახსნა-განმარტებებს, ჰიპერტექსტსა და ინსტრუქციას შეიცავდა იმაზე, თუ როგორ უნდა შეგვექმნა ვებგვერდი. თუმცა ზემოთ, ფოტოზე ნაჩვენები გვერდი, როგორც ხედავთ, 1992 წლისაა. ეს იმიტომ, რომ, რაც უნდა ირონიული იყოს, სისტემის პირველი გვერდი, რომელიც ინფორმაციის დაკარგვისგან თავის ასარიდებლად შეიქმნა, თავადვე დაიკარგა.
დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემამ, რომელიც ბერნერს-ლიმ შექმნა, მსოფლიო შეცვალა. მაგრამ მაშინ ამას CERN-ის თანამშრომლები ნამვილად ვერ მივხვდნენ და მის შემქმნელებს კოლეგების იმაში დარწმუნება მოუწიათ, თუ რამდენად ძვირფასი იყო ვებგვერდი და მისი დახმარებით რისი გაკეთება შეიძლებოდა მომავალში.
"იმდროინდელი გუნდი ვერ ხვდებოდა, რამდენად განსაკუთრებული რამ იყო ეს. შესაბამისად, არც უფიქრიათ, რომ ასლები შეენახათ", — განაცხადა CERN-ის ვებგვერდის მენეჯერმა დან ნოიესმა 2013 წელს. მისი აზრით, პირველი ვებგვერდი სადმე დისკეტაზე (იმავე "ფლოპი-დისკზე") ან მყარ დისკზეა განთავსებული და ვიღაცის სახლში ინახება. 1992 წლის ვერსიაც სწორედ ასე იპოვეს.
"1992 წლის ვებგვერდის მთლიანი ასლი დისკეტაზე შევინახე, რათა იგი სხვა ადამიანებისთვისაც მეჩვენებინა, სწორედ ასე შემომრჩა იგი", — განაცხადა ტიმმა.
CERN-ის მცდელობების მიუხედავად, სამწუხაროდ, პირველი გვერდი დღემდე არ უპოვიათ და, შესაძლოა, მათ ეს ვერც ვერასდროს მოახერხონ.
კომენტარები