NASA-ს ასტრონავტები CrewDragon-ის მუშაობით აღფრთოვანებულები არიან
დედამიწაზე დაშვების მერე გამართულ პრესკონფერენციაზე NASA-ს ასტრონავტებმა, ბობ ბენკენმა და დაგ ჰარლიმ გაგვიზიარეს, რა გრძნობა იყო SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ით დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლა.
ბენკენმა დაწვრილებით აღწერა ის სულისშემკვრელი მოვლენები, რომლებიც კაფსულის მექსიკის ყურეში ჩაშვებას უძღოდა წინ. აღსანიშნავია, რომ კოსმოსიდან ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოსვლისას ასტრონავტთა სხეულებზე დედამიწისთვის დამახასიათებელი გრავიტაციის გაოთხმაგებული ძალა მოქმედებდა.
"შენ ამ დროს გესმის ხომალდის გარეთ არსებული გრუხუნი", — თქვა ბენკენმა, — "და მაშინ, როცა ხომალდი სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს, შენ გრძნობ, როგორ გიძაგძაგებს სხეული".
"მას მანქანის ხმა არ აქვს, ის ცხოველის მსგავს ხმას გამოსცემს — შენ გესმის ძრავებისგან წამოსული ქშინვა და ატმოსფეროს ხმაური", — დაურთო მან.
შეგახსენებთ, რომ NASA-ს ასტრონავტებმა SpaceX-ისა და NASA-ს Demo-2 მისია კვირას, 2 აგვისტოს წარმატებით დაასრულეს. ეს გახლდათ ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ასტრონავტები დედამიწის ორბიტაზე კომერციული კოსმოსური ხომალდით მოხვდნენ.
"ჩვენ ლამის სიტყვები არ გვყოფნის იმის გამოსახატად, რამდენად კარგად იმუშავა ხომალდმა და რამდენად კარგად ჩაიარა მისიამ", — განაცხადა ჰარლიმ კონფერენციაზე. მისი თქმით, ის ვარაუდობდა, რომ მისიის განმავლობაში რაკეტასთან დაკავშირებით გარკვეულ გამოწვევებს გადაეყრებოდნენ, რადგან NASA-ს აწ უკვე მოქმედებიდან გამოსულ Space Shuttle-ს მრავალი პრობლემა აღენიშნებოდა.
"მისიამ თავიდან ბოლომდე ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც ეს სიმულაციების დროს იყო. გაუთვალისწინებელი არაფერი მომხდარა", — დაურთო მან.
მაშინაც კი, როცა ატმოსფეროს აპობდა და როცა პარაშუტები გაიხსნა, "ხომალდი შეუდრეკელი იყო". ბენკენმა კოსმოსური კაფსულიდან ქვედა ნაწილის გამოყოფისა და პარაშუტების გახსნისას განცდილი შეგრძნება "სკამზე ჯდომისას მის ზურგზე ბეისბოლის ბიტის მირტყმას" შეადარა.
როცა მექსიკის ყურეში ჩაშვებისას კაფსულაზე წყლის შხეფები დაინახეს, "ჩვენ ორივემ შვებით ამოვისუნთქეთ", — განაცხადა ბენკენმა, — "გემზე გადმოსვლისას კი პიცა გველოდებოდა".
ჰარლიმ იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ ყურეში ჩაშვებისას ასტრონავტების დასახვედრად რიგითი ადამიანები ათზე მეტი გემით იყვნენ მისულები. "ჩვენ კი მადლიერები ვართ, რომ ხალხს სურს, მსგავსი მოვლენის თანამონაწილენი გახდნენ, მაგრამ სიფრთხილის გარკვეული ზომები მაინც დასაცავია", — აღნიშნა მან, — "არ შეიძლება, რომ ეს განმეორდეს".
ჰარლიმ თავის იმ კომენტარზეც გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ კაფსულაში ყოფნისას ასტრონავტებმა სახუმარო სატელეფონო ზარები განახორციელეს: "ამას თავისი პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. ჩვენ გვსურდა, ის სატესტო გამოცდა მოგვეთავებინა, რომელიც ჰოთორნის მთავარ სადგურთან დაკავშირებას მოიაზრებდა". მაგრამ როცა მათ ეს ვერ შეძლეს, წყვილმა გადაწყვიტა, სხვებისთვისაც დაერეკათ.
"სალამი, ბობი და დაგი გესაუბრებით, ჩვენ ოკეანეში ვართ", — ჰარლის თქმით, მათ ზარის მეორე მხარეს მყოფთ ამ სიტყვებით მიმართეს. ასტრონავტებმა ასევე ცოლებსაც დაურეკეს, რომლებიც დაშვების ადგილთან ახლოს, ერთად იმყოფებოდნენ.
ღია კოსმოსში რამდენიმე გასვლას თუ არ ჩავთვლით, ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნამ ერთობ წყნარად ჩაიარა. ბენკენმა გაიხსენა, როგორ დაურეკა სადგურიდან სატელიტური ტელეფონით საკუთარ შვილს და აუხსნა, როგორ უნდა მოევლო მას ახლადაყვანილი ლეკვისთვის.
"ის ფაქტი, რომ ამ მოგზაურობის, ოდისეის, ძალისხმევის ნაწილი ვიყავი, მთელი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს პატივად დარჩება", — განაცხადა ჰარლიმ და მისიის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კომენტარები