ვაქცინითაც კი კორონავირუსის დამარცხებას თვეები ან წლები დასჭირდება
კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა პანდემიიდან თავის დაღწევის გზად და პანაცეად მოიაზრება. მართალია, ნემსის გაკეთებით იმუნიტეტის გამომუშავებას შევძლებთ და დროთა განმავლობაში ვირუსი გაქრება, თუმცა ეს რეალობის სრული სურათი ნამდვილად არ არის.
მაშინაც კი, როცა კორონავირუსის ვაქცინა შემუშავდება, მსოფლიო ნორმას თვეები ან წლები ვერ დაუბრუნდება. "არ გეგონოთ, რომ ვაქცინა პანდემიას უეცრად შეაჩერებს", — ამბობს ჰარვარდის ინფექციური დაავადებების მკვლევარი იონატან გრადი.
ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ COVID-19 უბრალოდ კი არ გაქრება, არამედ ის ადამიანებისთვის ენდემურ დაავადებად დარჩება.
ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველი ვაქცინები COVID-19-ის მხოლოდ მწვავე შემთხვევებისგან დაგვიცავს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ქვეყნები ვაქცინის უზარმაზარ რაოდენობას აწარმოებენ.
ახალი ვაქცინის გამოშვებას პოლიტიკური მხარეც აქვს. ანტივაქსერები (აცრების მოწინააღმდეგეები) არსად გამქრალან და თუ ბაზარზრე ნაჩქარევად ჩაშვებულ ვაქცინას მასობრივი კამპანია მოჰყვა, ანტივაქსერების წინააღმდეგობა, სავარაუდოდ, უფრო შესამჩნევი იქნება.
"ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რომ ზოგს ვაქცინაციის შეეშინდება", — ამბობს ჯორჯთაუნ უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკლ სოტო.
ამასთან, ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ თავდაპირველი ვაქცინები ძალიან ეფექტიანი არ იქნება და, შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების რადიკალურ შეფერხებას დრო დასჭირდება.
აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის შექმნას ფარმაცევტული კომპანიები ოპტიმისტურად უყურებენ. ტრამპის ადმინისტრაციამ საჯარო და კერძო ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობის გეგმა "Operation Warp Speed" წარადგინა, რომელიც ვაქცინის დაჩქარებულად შექმნას ისახავს მიზნად. თუმცა, ბევრი შიშობს, რომ მსგავსი ოპტიმიზმი ნაწილობრივ საშიშიც კია.
ბიოსტატისტიკოსი ნატალი დინი ამბობს, რომ კარგი ვაქცინის შექმნას უნდა დაველოდოთ, რადგან დაბალი ეფექტიანობის მქონე პრეპარატის ბაზარზე გაშვება ჯანდაცვის სექტორისადმი საჯარო რწმენას შეამცირებს.
მოქმედი ვაქცინის შექმნასთან ყველაზე ახლოს ამჟამად ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna გახლავთ, რომლის პროდუქტიც ტესტირების ბოლო ეტაპს გადის. მას 30 ათასი სრულწლოვანი მოხალისე მიიღებს.
ოპტიმიზმის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ ახალი ვაქცინა გრიპის ვირუსის სეზონური ვაქცინასავით იქნება და ადამიანებს გარკვეულ უსაფრთხოებას კი მიანიჭებს, მაგრამ სრულად ვერ დაიცავს.
აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს მიხედვით, COVID-19-ის ვაქცინა ინფექციის სიმწვავის შემცირებას ან პრევენციას აცრილთა 50%-ში შეძლებს.
კომენტარები