ჩინეთი COVID-19-ის ტესტირებაგაუვლელ ვაქცინას უსაფრთხოსა და ეფექტიანს უწოდებს
ჩინეთის სახელმწიფო სამოგზაურო კომპანიების თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ორი ექსპერიმენტული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, თუმცა მათ კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა არ გაუვლიათ.
ტესტირების მესამე ფაზა, როგორც წესი, ათობით ათას მოხალისესთვის ვაქცინის გაკეთებას მოიაზრებს, რათა მასობრივი გამოყენების დაწყებამდე მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგინდეს.
Quartz-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ფაზისთვის დამახასიათებელი ფართომასშტაბიანი ტესტირებების ჩატარებამდე ვაქცინის უსაფრთხოებაზე და ეფექტიანობაზე განცხადებების გაკეთება გაუმართლებელია.
"მაშინაც კი, როცა ვაქცინა საშიში არაა, თუ ადამიანები შეცდომით ჩათვლიან, რომ ვირუსისგან დაცულები არიან, ისეთ რისკებზე შეიძლება წავიდნენ, როგორებსაც სხვა შემთხვევაში თავს აარიდებდნენ. ეს კი მათი ინფიცირების შანსებს გაზრდის", — აცხადებს ალექს ჯონ ლონდონი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტიდან.
დღეისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მესამე ფაზას 6 ფარმაცევტული კომპანია ატარებს. მათგან სამი ჩინეთში მდებარეობს. სახელმწიფო სამოგზაურო კომპანიებისთვის განკუთვნილი წერილი ამ სამიდან ერთის შვილობილ კომპანიას, SinoPharm-ს ეკუთვნის.
Reuters-ის მიხედვით, ამ კომპანიამ ბოლო ეტაპის ტესტირებები, რომელშიც 15 ათასამდე მოხალისეა ჩართული, აბუ დაბიში ივლისის დასაწყისში დაიწყო.
ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ვაქცინა საყოველთაო გამოყენებისთვის წლის ბოლომდე იქნება მზად — ეს ერთობ მკაცრი დედლაინია, რომლის დაცვაც ძალიან რთული იქნება. კონკრეტულად SinoPharm-ის შემთხვევაში, მესამე ფაზას სამიდან ექვს თვემდე დრო დასჭირდება.
თუ დამტკიცდება, რომ ვაქცინა კლინიკურად უსაფრთხო და ეფექტიანია — და ეს დიდი "თუ" გახლავთ — მომდევნო გადასალახი დაბრკოლება მისი მასობრივი წარმოება და დისტრიბუცია იქნება.
კომენტარები