"შესაძლოა, ინსტაგრამმა დაგვაზარალოს" — კონგრესი ცუკერბერგის მიმოწერას ასაჯაროებს
ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი შედარებით მომცრო სოციალური ქსელების, ინსტაგრამის და Path-ის შეძენას "დროის მოგების" მიზნით ცდილობდა.
აშშ-ის კონგრესში 29 ივლისს გამართული მოსმენის დროს ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ელექტრონული წერილების ის ნაწილი გასაჯაროვდა, სადაც ის კონკურენტების განეიტრალების გეგმებზე საუბრობდა.
ერთ-ერთ ასეთ წერილში ცუკერბერგი კომპანიის უფროს ფინანსურ დირექტორს, დევიდ ებერსმანს ინსტაგრამის და მობილური სოციალური ქსელის, Path-ის შეძენას სთავაზობდა.
"ეს კომპანიები სულ ახლახან გამოჩნდნენ, მაგრამ მათი სახელები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობენ და თუ ისინი ზრდას განაგრძობენ, ისინი მხოლოდ დაგვაზარალებენ", — ამტკიცებს ცუკერბერგი ერთ-ერთ გამოქვეყნებულ წერილში.
ცუკერბერგი ებერსმანს ეკითხებოდა, სჭირდებოდა თუ არა ფეისბუქს ამ სოციალური ქსელებიდან ერთ-ერთის ან ორივეს შეძენა.
როგორც ცნობილი ხდება, ებერსმანი ამ ინიციატივის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული სერვისების შეძენა ფეისბუქს მოსალოდნელ ღირებულებას ვერ შემატებდა. აქვე ებერსმანმა დაასახელა ოთხი მიზეზი, რის გამოც ამ აპლიკაციების შეძენა მაინც საინტერესო იყო: კონკურენტის განეიტრალება; ფეისბუქში ახალი სერვისების დამატება და სოციალური ქსელის გაუმჯობესება; ახალი, ნიჭიერი თანამშრომლების აყვანა; სხვა პოტენციური სარგებელი.
ცუკერბერგი მიმოწერაში აცხადებს, რომ ასეთი შენაძენით კომპანია კონკურენტებთან ჭიდილში "დროს მოიგებდა".
"თუკი ახალი კონკურენტები გამოგვიჩნდებიან, ინსტაგრამის, Path-ის, Foursquare-ის და სხვების შეძენა მოგვცემს წელიწადზე ცოტა მეტს, რათა მოვასწროთ მათ დინამიკასთან ინტეგრირება, სანამ ვინმე მათ მასშტაბებს მიუახლოვდება", — წერს ფეისბუქის ხელმძღვანელი.
მოგვიანებით მარკმა მორიგი წერილი გააგზავნა, სადაც ამტკიცებდა, რომ აღნიშნული შენაძენით კონკურენციისთვის ხელის შეშლა არ უგულისხმია.
აშშ-ის კონგრესის ანტიმონოპოლური კომიტეტის მოსმენის დროს კონგრესმენმა ჯერი ნადლერმა განაცხადა, რომ ფეისბუქის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელებს კონკურენტებად განიხილავდა და მათთან კონკურენციის ნაცვლად, იძენდა მათ. კონგრესმენის თქმით, ეს არის კონკურენციის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება. ცუკერბერგმა კონგრესმენს მხოლოდ ის უთხრა, რომ ინსტაგრამის შეძენის შემდეგ ამ სოციალური ქსელის პოპულარობა და მისი აუდიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ცუკერბერგის წერილები აშშ-ის კონგრესში 6-საათიანი მოსმენის დროს გაასაჯაროეს. მოსმენას ეფლის, გუგლის, ამაზონის და ფეისბუქის ხელმძღვანელები ვირტუალურად ესწრებოდნენ. კომპანიებს ადანაშაულებენ მავნებლური ბიზნეს მოდელის შექმნაში, რის შედეგადაც მათ ბაზარზე მონოპოლიის დამყარება მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა ინსტაგრამი 2012 წელს $1 მილიარდად შეიძინა. 2018 წელს კი ინსტაგრამის დამფუძნებლებმა კომპანია დატოვეს. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება ფეისბუქის მხრიდან ზეწოლას უკავშირდება. The Wall Street Journal-ის ცნობით, ინსტაგრამის დამფუძნებლებს და ფეისბუქის ხელმძღვანელობას ხშირად კონფლიქტი სოციალური ქსელის ავტონომიურობისა და განვითარების სტარტეგიის განსხვავებული ხედვების გამო ჰქონდათ.
კომენტარები