NASA-ს როვერი, Perseverance 30 ივლისს მარსზე გასაშვებად მზადაა
რამდენიმე დღეში NASA-ს როვერი Perseverance მარსისკენ გაეშვება და უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების ძებნას დაიწყებს.
"ყველა საჭირო პროცედურა დასრულებულია და ჩვენ როვერის გასაშვებად მზად ვართ. კორონავირუსის პანდემიის გამო ამჟამად ძალიან უცნაურ სიტუაციაში ვართ, თუმცა ეს მისია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გეგმას დიდი მონდომებით ვიცავდით", — განაცხადა სააგენტოს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა.
როვერი ადგილობრივი დროით 30 ივლისის დილის 7:50-ზე, კანავერალის კონცხიდან გაეშვება. YouTube-სა და სოციალურ მედიაში პროცესის ნახვა ლაივის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. შვიდთვიანი ფრენის შემდეგ კი როვერი კრატერ Jezero-ში 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვება.
ექვსბორბლიანი რობოტი, რომელიც 1 040 კილოგრამს იწონის, NASA-ს მეხუთე მარსის როვერია და ჯერჯერობით ყველაზე მაღალტექნოლოგიურიც.
იგი პატარა შვეულმფრენითაა აღჭურვილი, რომელსაც Ingenuity ჰქვია და მარსისი ატმოსფეროში იფრენს. მას ასევე რობოტული კიდური, კამერების მასივი და ორი მიკროფონი აქვს.
უძველესი ბაქტერიების საპოვნელად როვერი ორ ლაზერსა და რენტგენულ სხივებს გამოიყენებს, რომლებსაც ქიმიური ანალიზის ჩატარება შეუძლია. Perseverance ასევე ქვის ნიმუშებს შეაგროვებს, რომლებსაც ანალიზისთვის დედამიწაზე მომავალი მისია დააბრუნებს.
როვერი აქამდე ჩატარებული ორბიტალურ თუ დამშვებ მისიებზე დაფუძნებით იხელმძღვანელებს, რომლებმაც დაადგინეს, რომ ცივი და მშრალი მარსი, რომელსაც ჩვენ დღეს ცის კამარაზე ვხედავთ, მილიარდობით წლის წინ თბილი და წყლიანი იყო.
ეს მდგომარეობა საკმარისად დიდხანს გაგრძელდა იმისთვის, რომ მიკრობული სიცოცხლე განვითარებულიყო. 30 ივლისის გაშვებით შეერთებული შტატები მესამე ქვეყანა გახდება, რომელმაც ამ თვეში მარსის მისია განახორციელა. გასულ კვირას ჩინეთმა როვერი Tianwan-1 გაუშვა, თვის დასაწყისში კი არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ორბიტალური ზონდი AI-Amal (იმედი) გაუშვა.
კომენტარები