გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა კარანტინის პერიოდში არქეოლოგიურ საგანძურს მიაგნეს
აღმოჩენებს შორისაა ნეოლითის ხანის ისრის თავი, ქამრის გველის ფორმის სამაგრი და რომაული თიხის ჭურჭლის ნატეხები.
გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა წერტილში მოსახლეებმა რიგი არქეოლოგიური არტეფაქტები კარანტინის დროს, საკუთარ ბაღებში მიწის დამუშავებისას აღმოაჩინეს.
ბრიტანეთის მუზეუმის პორტატულ ანტიკვარიატთა პროექტმა (PAS), რომლის მიზანიცაა, წაახალისოს საზოგადოების წევრები, აღნუსხონ მათ მიერ ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთები, აღმოჩენილ ობიექტთა შორის ნეოლითის ხანის ისრის თავი, შუა საუკუნეების ვერცხლის მონეტა, ქამრის გველის ფორმის სამაგრი და რომაული თიხის ჭურჭელი დაასახელა.
"რადგან ამ პერიოდში უფრო მეტი ადამიანი ატარებს ბევრ დროს თავის ბაღში, ერთობ საინტერესო აღმოჩენები გაკეთდა", — ამბობს მუზეუმის წარმომადგენელი, პიტერ რეავილი, — "ამ ბაღებში ნაპოვნ ნივთებს შორისაა ყალიონები, თიხის ჭურჭლის ნაწილები და პრეისტორიული კაჟის ხელსაწყოებიც კი. ადამიანები გამუდმებით პოულობენ არტეფატქებს, მერე კი მათ თავიანთთვის ინახავენ იმ განზრახვით, რომ მათ რაიმეში გამოიყენებენ. მაგრამ ახლა მათ იმისთვის გამოუთავისუფლდათ დრო, რომ დაგვიკავშირდნენ და გვითხრან — აი, ეს ვიპოვე და რა არის?".
აღმოჩენებს შორის ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ქვიშაქვა, რომელზეც ოღამის ანბანით შესრულებული წარწერაა. ქვებზე ამოკვეთილი უძველესი ოღამური წარწერები გაერთიანებული სამეფოს მრავალ წერტილშია აღმოჩენილი. მკლევრები ამ ეტაპზე ტექსტის თარგმანს ელოდებიან, თუმცა ვარაუდობენ, რომ წარწერა მეოთხე საუკუნით უნდა თარიღდებოდეს. ამასთან, ისიც საგულისხმოა, რომ წარწერიანი ქვის აღმოჩენის ტერიტორიაზე ადრეული შუა საუკუნეების არტეფაქტები აქამდე იშვიათად უპოვიათ.
"სრული კარანტინის პერიოდში ადამიანებმა, რომლებიც სამსახურში ვეღარ დადიოდნენ და გარეთაც იშვიათად უწევდათ გასვლა, საკუთარ ბაღებში მიწის დამუშავებას მიჰყვეს ხელი", — ჰყვება ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენელი, მაიკლ ლიუსი, — "ზოგჯერ მპოვნელებს ერიდებათ თავიანთი აღმოჩენების სანახებლად მუზეუმთან დაკავშირება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვათვალიერებთ საზოგადოების წევრების მიერ ნაპოვნ არტეფაქტებს. ხშირად ადამიანები ვერც კი ხვდებიან, არქეოლოგიურად რამდენად ძვირფას ნივთს გადააწყდნენ საკუთარ ბაღში".
რეავილი ურთავს, რომ მოსახლეობის მიერ ნაპოვნ ნივთთა რაოდენობის ზრდა კარანტინის მოულოდნელი დადებითი მხარეა: "ადამიანებს გამოუჩნდათ დრო, დაფიქრდნენ, სად იმყოფებიან და ვინ სახლობდა ძველად მათ ადგილას. და რაც მთვარია, მათ ჰქონდათ დრო, დაინტერესებულიყვნენ საკუთარი აღმოჩენების მნიშვნელობით.
კომენტარები