ტექტონიკური ფილები, შესაძლოა, აქამდე ნავარაუდებზე განსხვავებულად წარმოქმნილიყვნენ
დედამიწის ტექტონიკური ფილების წარმოქმნის შესახებ მეცნიერების ცოდნა საკმაოდ მწირია. თუმცა ჩინელი და ამერიკელი მკვლევრების გუნდს ახალი ჰიპოთეზა აქვს, რომელიც ათწლეულების წინ უარყოფილ იდეას ჰგავს.
ტექტონიკური ფილები ჩვენი პლანეტის ზედაპირის გარშემო დაახლოებით 3,3-4,4 მილიარდი წლის წინ ირეოდნენ. რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში ფილების მოძრაობა და ქერქის რეცირკულაცია იმაზე მიგვანიშნებს, რომ იმის გაგება, თუ როგორ გაჩნდა ეს ფილები დედამიწაზე, საკმაოდ რთული ამოცანაა.
რამდენიმე წლის წინ მკვლევრებმა მოდელი შეიმუშავეს, რომელიც ტექტონიკური ფილების წარმოქმნასა და მათ გადანაცვლებას ასახავდა. ამ მოდელის თანახმად, მილიარდობით წლის წინ პლანეტის ქერქის ზოგიერთი ნაწილი სხვებზე ღრმად ჩადიოდა და ჯაჭვურ რეაქციას იწვევდა, რაც ათასწლეულები გაგრძელდა.
თუმცა ახალი კვლევის მოდელი საკმაოდ განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს. გუნდის მიხედვით, მილიარდობით წლის წინ დედამიწის ახლადწარმოქმნილი ქერქი გაცხელდა, რამაც ქერქის გაფართოება გამოიწვია და იგი დაიშალა. შედეგად კი მივიღეთ ის, რაც ჩვენთვის ტექტონიკურ ფილებადაა ცნობილი.
სინამდვილეში, ეს თეორია ახალი სულაც არ არის. 1800-იან წლებში გეოგრაფები ამ ჰიპოთეზით მთების წარმოქმნას ხსნიდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალი თეორია ძველის ზუსტ ასლს არ წარმოადგენს.
"პასუხი სითბური ენერგიის მასშტაბურად დაკარგვის მექანიზმში მდებარეობს, რომელიც, შესაძლოა, დედამიწის ადრეულ პერიოდში მოხდა. თუკი ვულკანურმა ადვექციამ — რომელმაც ცხელი ნივთიერება სიღრმიდან ზედაპირზე ამოიტანა — ადრეული სითბური ენერგიის დაკარგვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეს ყველაფერს ცვლის", — განაცხადა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერმა ალექსანდრე ვებმა.
ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, სითბური ენერგია გამტარობის გამო დაიკარგა თუ პლანეტის შიგნიდან ლავა ზედაპირზე გადმოვიდა და ამის შედეგად გაცივდა, ეს გაგრილებული ნივთიერება კი დროთა განმავლობაში ჩაიძირა და ლითოსფეროც გააგრილა. თუ ბოლო ვერსია სწორია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესმა პლანეტის შინაგანი სითბო დაატყვევა, რამაც ქერქის გაფართოება, მისი დაშლა და ტექტონიკური ფილების წარმოქმნა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა მხოლოდ ერთი ჰიპოთეზაა. ტექტონიკური ფილების წარმოქნის ზუსტი ისტორიის გასაგებად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები