კლიმატის ცვლილების შეფერხება ძალიან რთული ხდება — ახალი კვლევა
მომდევნო 5 წელში გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით მინიმუმ 1°C-ით მეტი იქნება და 2024 წლამდე, სავარაუდოდ, 1,5°C-საც გადააჭარბებს. თუ ეს პროგნოზი ზუსტია, მაშინ პარიზის შეთანხმებაზე შემუშავებული მისია ვერ განხორციელდება.
მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) ამბობენ, რომ გლობალური დათბობის შეფერხებას ბევრად დიდი შრომა დასჭირდება. პარიზის კლიმატის შეხვედრებზე მსოფლიოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გლობალური ტემპერატურის მატებას ჯერ 2°C-მდე, შემდეგ კი 1,5°C-მდე შეზღუდავდნენ.
აღსანიშნავია, რომ WMO-ს კვლევა და წინასწარმეტყველებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოღვაწე კლიმატის წამყვანმა მეცნიერებმა შეიმუშავეს. მონაცემები საგანგაშოა, რადგან მომდევნო რამდენიმე წელში 1 და 1,5°C-იანი მატება ნიშნავს, რომ პარიზის შეთანხმების განხორციელებისთვის საკმარისი არ კეთდება.
კვლევაში ისიცაა ნახსენები, რომ არქტიკა 2020 წლის გლობალურ საშუალოსთან შედარებით ორჯერ უფრო გაცხელდა. სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ავსტრალიაში წელს ბევრად მშრალი ამინდებია და გვალვაა მოსალოდნელი.
ახალ მონაცემებში ნაჩვენებია, რომ პანდემიისას მიღებული პრევენციული ზომების გამო სათბურის აირების ემისიები ნამდვილად შემცირდა, თუმცა ეს შემცირება გარდა იმისა, რომ დროებთია, უგულებელყოფადიცაა, რადგან რეალური შედეგისთვის ემისიების ბევრად მეტად შემცირებაა საჭირო.
WMO-ში ამბობენ, რომ ნახშირორჟანგი ატმოსფეროში დიდხანს ჩერდება, ამიტომ მცირე დროით ემისიების რადიკალური შემცირებაც კი ხანგრძლივ შედეგს ვერ გამოიღებს. შესაბამისად, ნახშირორჟანგის ატმოსფერული კონცენტრაციის შემცირებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.
კომენტარები