შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბოცვაძის თქმით, გენერალური ინსპექციის გასარკვევია, თუ რა ჰკითხეს პატრულის თანამშრომლებმა გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგაძეს შემთხვევის ადგილიდან წაყვანისას. მისივე თქმით, საპატრულო ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილიდან ბრეგვაძე მას შემდეგ წამოიყვანა, რაც გამოძახება გაუქმებული იყო:

"ეკიპაჟი თბილის-სენაკი-ლესელიძის გზაზე პოულობს ბრეგვაძეს, იგი განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას, მონაწილე პირები უკვე წავიდნენ და ეკიპაჟს სთხოვს, თბილისამდე წაყვანას. საპატრულო ეკიპაჟის წევრები გარკვეულ კითხვებს უსვამენ და ეს ცალსახად გენერალური ინსპექციის გასარკვევია, რის შემდეგაც სვამენ იაკობ ბრეგვაძეს და მიჰყავთ თბილისში".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

ჩანაწერში ისმის, რომ იაკობ ბრეგაძემ ოპერატორს პირველი ზარის დროს მიუთითა მისამართი "მცხეთა მთიანთის გზა" და ლოკაცია "ქებად ჰაუსი". მანვე აღნიშნა, რომ შეეძლოთ ტელეფონით, ლოკაციით ეპოვნათ ეს ადგილი. ბრეგვაძემ შეატყობინა ისიც, რომ ჩხუბში 10-მდე პირი მონაწილეობდა, შესაძლებელი იყო, დაშავებულებიც ყოფილიყვნენ და ოპერატორს მოუწოდა "სწრაფად მისულიყვნენ" ადგილზე.

ჩანაწერი გრძელდება იმით, რომ ოპერატორმა გადაურეკა იაკობ ბრეგვაძეს და მისამართის დაზუსტება სთხოვა. უცნობია ამ ორ ზარს შორის დროის შუალედი. ოპერატორი ბრეგვაძეს ეუბნება, რომ ეკიპაჟმა ვერ იპოვა მისი ადგილმდებარეობა. ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ შემთხვევა არაგვის ხიდზე მოხდა. "მანქანიდან გადმოვიდნენ და დაგვაყარეს", — ეუბნება იგი ოპერატორს. მას შემდეგ რაც იგებს, რომ საპატრულო ეკიპაჟი ჯერ კიდევ ვერ მივიდა მასთან, იგი ოპერატორს სთხოვს, შეტყობინება გააუქმოს.