5 მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც საქართველოში გაკეთდა
დღევანდელი საქართველოს ტერიტორია ერთ დროს უძველესი ადამიანების და ცივილიზაციების სამკვიდრო იყო. აზიის და ევროპის გზაგასაყარზე მდებარე ჩვენი ქვეყნის ტერიტორია საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა სხადასხვა კულტურათა თავმოყრისთვის ხელსაყრელ სივრცეს. ასობით ათასი წლის წინ კი აქ ჩამოსულმა ადრეულმა ჰომინინებმა მიგრაცია ევროპისკენ გააგრძელეს.
მდიდარი ისტორიის გამო მთელი კავკასიის რეგიონი წარსულის შესახებ საინტერესო ცნობებს შეიცავს. ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე აღმოჩენაა წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაკეთდა.
1. უძველესი ღვინო მსოფლიოში
ღვინო ერთ-ერთი უძველესი ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც ადამიანები მოიხმარდნენ. ბევრი ქვეყნისთვის ღვინოს მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ღირებულება ჰქონდა.
დიდი ხნის განმავლობაში ყურძნისგან სასმლის დამზადების უძველეს საბუთად ჩრდილო-დასავლეთ ირანში გაკეთებული აღმოჩენა ითვლებოდა: არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილ ჭურჭელზე ღვინის კვალი იყო, რომელიც 7 ათასი წლით თარიღდება.
თუმცა, 2017 წლის კვლევის მიხედვით, ღვინის ყველაზე ძველ კვალს თბილისთან ახლოს, 8 ათასი წლის ჭურჭელზე მიაგნეს. კვლევის თანაავტორის თქმით, ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ყურძნისგან ღვინოს მიზნობრივად ამზადებდნენ.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა უძველეს ქვევრებსაც მიაგნეს. ღვინის დამზადების ეს ტექნიკა საქართველოში დღემდე გამოიყენება.
აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ევროპული და ახლო აღმოსავლური ცივილიზაციისთვის ღვინო უბრალოდ ალკოჰოლური სასმელი არ ყოფილა. მას უზარმაზარი კულტურული ღირებულება აქვს და ადრეული ქვეყნების ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გაკეთებული აღმოჩენა ჩვენი წინაპრების შესახებ მრავალი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.
2. პირველი "ქართველები" — მზია და ზეზვა
დმანისი მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენის ადგილია. ამ პატარა ქალაქისადმი ინტერესი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გამოიჩინეს. შესაბამისად, დმანისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა.
1984 წელს დმანისში პრიმიტიული ხელსაწყოები აღმოაჩინეს, რომელსაც ადრეული ადამიანები იყენებდნენ. შედეგად, არქეოლოგებს და პალეონტოლოგებს გაუჩნდათ იმედი, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის კვალსაც იპოვიდნენ.
მართლაც, 1991 წელს დმანისში ადრეული ადამიანები იპოვეს, Homo erectus georgicus, რომელიც Homo erectus-ის ქვესახეობად მოიაზრება. ძვლები 1,8 მილიონი წლით თარიღდება, შესაბამისად, მზია და ზეზვა კავკასიის უძველეს ადამიანებად არიან მიჩნეულნი.
ჰომინინის ძვლები, რომელიც ქართველმა მეცნიერმა, დავით ლორთქიფანიძემ აღმოაჩინა, აფრიკიდან მიგრირებული ჰომო ერექტუსის ყველაზე ადრეული კვალია, რაც აქამდე უპოვიათ.
2014 წელს დმანისში ჰომო ერექტუსის ყველაზე კარგად შენახული, პრაქტიკულად ხელუხლებელი თავის ქალა აღმოაჩინეს, რამაც დმანისისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
3. უძველესი ხორბალი საქართველოში
ხორბალს ადრეულ საზოგადოებაში და დღევანდელ მსოფლიოს ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი როლი უკავია. იმის გამო, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნებით ყოველთვის გამოირჩეოდა, აქ ხორბლის უამრავი ჯიში ხარობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამ მხრივ არაერთი აღმოჩენა გაკეთებულა, რომელიც მიანიშნებს, რომ ხორბლის მოყვანა კავკასიაში ძალიან ადრეულ ეპოქაში დაიწყო. კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოშინაურებული ხორბლის 20 სახეობიდან 14 საქართველოს ტერიტორიაზე მოჰყავდათ.
ერთ-ერთი ხორბლის ჯიში, რომელიც სხვა ანალოგებთან ერთად მსოფლიოში გავრცელებულია, Triticum aestivum-ია, ქართულად მას "იფქლს" ეძახიან. მისგან ტრადიციულ თეთრ პურს დღემდე ამზადებენ.
4. ნეანდერტალელთა გამოქვაბულები იმერეთში
ნეანდერტალელების კვალის ძიება იმერეთში 70-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი არქეოლოგიურ გათხრებს ერთობლივად აწარმოებდნენ.
70-იანების კვლევების დროს მეცნიერებმა 400-40 ათასი წლის წინანდელი ქვის იარაღები და განამარხებული ძვლები იპოვეს, რაც იმ დროს მცხოვრები ნეანდერტალელების აქტივობაზე მიუთითებდა.
მოგვიანებით მეცნიერებმა ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილიც იპოვეს, რომელიც 50 ათასი წლისაა. აღმოჩენები ძირითადად შუა პალეოლითის დროინდელ მღვიმეებში გაკეთდა. არქეოლოგები და პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ ნეანდერტალელები დღევანდელი იმერეთის ტერიტორიაზე სწორედ ამ მღვიმეებში ბინადრობდნენ.
იმერეთის მღვიმეების აქტიური შესწავლა 2017 წელს განახლდა, როდესაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით პროექტი, "ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში" დაიწყო.
არქეოლოგების და პალეონტოლოგების განსაკუთრებული ინტერესი ცუცხვათის მღვიმოვანმა მიიპყრო. აქ მიმიდინარე კვლევებმა ნეანდერტალელების ცხოვრების სტილის, კვების და ქცევის შესახებ უკეთესი წარმოდგენა შეგვიქმნა.
5. აბრეშუმის გზა თაგვის სოროში
საქართველოს მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ნაწილობრივ აბრეშუმის გზის გამო უჭირავს. ეს უკანასკნელი სავაჭრო გზას ეწოდებოდა, რომელიც აზიიდან ევროპისკენ მიემართებოდა. პირველი ვაჭრები ამ გზას ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში გადიოდნენ.
აბრეშუმის გზამ აქტუალობა მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს დაკარგა, როცა ევროპელებმა აზიასთან ვაჭრობა ოკეანეზე გადაადგილებით დაიწყეს.
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სახმელეთო სავაჭრო გზას, რომელიც საქართველოზე გადიოდა, აბრეშუმის გზა ტყუილად არ ერქვა. მოგეხსენებათ, აბრეშუმით ვაჭრობა ადრეული გლობალური ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.
2007-2008 წლებში ჩატარებულ კვლევაში, ქართველმა მეცნიერებმა, პალეობიოლოგმა ელისო ყვავაძემ და არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ, კავკასიაში აბრეშუმის ყველაზე ადრეულ კვალს დედოფლის გორასთან მიაგნეს.
მათ ისიც დაადგინეს, რომ დედოფლის გორის სასახლესთან ახლოს ბამბისგან, აბრეშუმისგან და სელისგან რეგიონისთვის დამახასიათებელი ქსოვილები კეთდებოდა. აღმოჩენილი აბრეშუმის ქსოვილი ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში იწარმოებოდა.
აღსანიშნავია, რომ დედოფლის გორის უძველესი სასახლის კვლევისას მეცნიერებმა მის ერთ-ერთ ოთახში თაგვის სოროსაც მიაგნეს, მასში კი სელის ბოჭკოები აღმოაჩინეს. მკვლევართა ვარაუდით, თაგვი სელს სოროსთვის სასარჩულე მასალად იყენებდა. კვლევაში დაზუსტებული არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვ.წ-ით პირველ საუკუნეში სასახლის კედელში გაკეთებული სორო კავკასიაში აღმოჩენილ სოროთაგან უძველესი უნდა იყოს.
კომენტარები