ეფლის, გუგლის, ამაზონის და ფეისბუქის ხელმძღვანელებს აშშ-ის კონგრესში დაკითხავენ
ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები ივლისის ბოლოს კონგრესის წინაშე მასშტაბური ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში დაიკითხებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ტექნოლოგიურმა ჟურნალისტმა, კარა სვიშერმა გაავრცელა. ამის შემდეგ კი ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის სასამართლოს საქმეების კომიტეტის პრეს მდივანმა The New York Times-თან საუბარში ოფიციალურად დაადასტურა. ტიმ კუკი, მარკ ცუკერბერგი, სუნდარ პიჩაი და ჯეფ ბეზოსი კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემას დათანხმდნენ.
ივლისში ჩანიშნული მოსმენა წარმომადგენელთა პალატის ანტიმონოპოლიური ქვეკომიტეტის საქმეზე მიზნად ისახავს გამოავლინოს ის დარღვევები, რომლებიც ამ ოთხი კომპანიის საქმიანობაში შეიძლება მომხდარიყო. გუგლის ირგვლივ განხილვა სარეკლამო ბაზარზე კონტროლს უკავშირდება, ხოლო ფეისბუქის ხელმძღვანელთან კითხვები ძირითადად მათ ბოლოდროინდელ ხშირ შენაძენებს უკავშირდება. ეფლს App Store-ში დეველოპერებისთვის მაღალი გადასახადის დაწესებას ედავებიან, ხოლო ამაზონს კითხვებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვების განვითარებით სხვა გამყიდველების შესაძლო შევიწროებასთან დაკავშირებით დაუსვამენ.
შესაძლოა, კონგრესმენები სხვა საკითხებითაც დაინტერესდნენ. მაგალითად, კითხვები ამაზონის საკუთარი საწყობის თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებას ან YouTube-ზე დეზინფორმაციის გავრცელებასაც შეიძლება შეეხოს.
წარმომადგენელთა პალატის ანტიმონოპოლიური გამოძიების შესახებ პირველად ცნობა 2019 წლის ივნისში გავრცელდა. სექტემბერში კომიტეტმა დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში შედარებით მცირე ტექნოლოგიური კომპანიებიც დაკითხეს. The New York Times-ის ცნობით, საქმე თავის დასასრულს უახლოვდება.
აღნიშნულ საქმეზე ტიმ კუკი, მარკ ცუკერბერგი და სუნდარ პიჩაი კონგრესში ადრეც დაკითხეს, თუმცა ჯეფ ბეზოსისთვის ეს პირველი შემთხვევაა. განხილვის ზუსტი თარიღი და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებთან სარეგულაციო დავები მხოლოდ ამ ანტიმონოპოლიური საქმით არ ამოიწურება. ფედერალური სავაჭრო კომისია დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ განხორციელებული შესყიდვების საქმეს იძიებს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო და აშშ-ის შტატების 50 გენერალური პროკურორი საკუთარ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას აწარმოებენ. თავის მხრივ, ევროკომისიამ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ ცალკე ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო.
კომენტარები