ჩრდილოეთ ევროპაში რადიაციის დონის მომატება დააფიქსირეს
ჩრდილოეთ ევროპაში რამდენიმე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა რადიაციის მომატებული დონე შენიშნეს. ამჟამად ამ მოვლენაზე პასუხისმგებლობას არცერთი სახელმწიფო არ იღებს.
რადიაციის მსგავსი დონე ადამიანისთვის უვნებლად ითვლება, თუმცა იგი რადიაციის სამეთვალყურეო სადგურების მიერ შესამჩნევია.
"რადიოაქტიური ნივთირებების, ცეზიუმ-134-ის, ცეზიუმ-137-ის, კობალტ-60-ისა და რუთენიუმ-103-ის გაზომვა მოვახერხეთ და დადგინდა, რომ მათი დონე იმდენად დაბალია, რომ ადამიანისთვის ან გარემოსთვის საშიშროებას არ წარმოადგენს", — განაცხადა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების წარმომადგენელმა.
მსგავსი შემოწმებები ნორვეგიასა და ფინეთშიც ჩატარდა. ახლახან საყოველთაო ბირთვულ ტესტირებათა ამკრძალავი შეთანხმების ორგანიზაციის, CTBTO-ს აღმასრულებელმა მდივანმა, ლასინა ზერბომ ანომალიის შესაძლო წყაროს რუკა შეადგინა, სადაც რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის ნაწილებია მონიშნული.
26 ივნისს ნიდერლანდების ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, მონაცემების ანალიზისას გაირკვა, რომ "შესაძლოა, რადიონუკლიდების კომბინაციას ატომური ელექტროსადგურების საწვავის ელემენტებში არსებული ანომალია ხსნიდეს".
ორგანიზაციის მიხედვით, რადიოაქტიური ნაწილაკები დასავლეთ რუსეთიდან მოდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი რუსულ ატომურ ელექტროსადგურებთანაა დაკავშირებული.
"ზოგიერთი მედიის თქმით, რადიონუკლიდების წყაროს დასავლეთ რუსეთი წარმოადგენს. თუმცა ჯერჯერობით ეს წყარო არ დაგვიდგენია", — განაცხადა ორგანიზაციამ.
რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის ატომური ენერგიის კორპორაციის წარმომადგენლების თქმით, რეგიონში მდებარე ორი ელექტროსადგური გამართულად მუშაობს და რადიაციის დონეც ნორმალურია.
ამჟამად რთული სათქმელია, დამატებითი მტკიცებულებები წყაროს დადგენაში დაგვეხმარება თუ არა, თუმცა ინციდენტი 2017 წლის სიტუაციის მსგავსია, როდესაც ევროპის თავზე რადიოაქტიური ღრუბელი შენიშნეს.
2017 წელს (რადიაციის დონე ადამიანებისთვის მაშინაც უსაფრთხო იყო) საკმაოდ ბევრი ადამიანი ბრალს ასევე რუსეთს სდებდა, ამ ჰიპოთეზას მოგვიანებით სამეცნიერო კვლევებმაც დაუჭირეს მხარი, თუმცა რუსეთმა ბრალეულობა მაშინაც უარყო.
კომენტარები