ალცჰაიმერის განვითარება სიღარიბესთან შეიძლება იყოს კავშირში — კვლევა
თავის ტვინში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური ცვლილებები სიღარიბეში ცხოვრებასთან არის კავშირში — ვკითხულობთ ჟურნალში, JAMA Network Open, გამოქვეყნებულ კვლევაში.
მეცნიერებმა ორგანოთა დონაციის 2 ცენტრიდან აღებული 427 ადამიანის თავის ტვინი გამოიკვლიეს. ამის შემდგომ მკვლევარებმა მათი საცხოვრებელი მისამართები მოიძიეს და ისინი სოციო-ეკონომიკური სიდუხჭირის მიხედვით 10-ბალიან შკალად დაყვეს.
გამოკვლეული თავის ტვინების თითქმის 90%-ზე მეტს ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები (ამილოიდური ფოლაქები და ნეიროფიბრილარული გორგლები) აღენიშნებოდათ. ასეთი დაზიანებები ყველაზე მკვეთრად ღარიბი უბნების მაცხოვრებლებში იყო გამოხატული.
როგორც მონაცემების საბოლოო ანალიზმა გამოკვეთა, სიდუხჭირის შკალაზე ერთი ბიჯი თავის ტვინში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელ დაზიანებათა სიმძიმეს 8%-ით ზრდიდა. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ კვლევაში ყველაზე ღატაკი უბნების მცხოვრებელთა თავის ტვინები დიდი რაოდენობით არ იყო წარმოდგენილი. ეს, შესაძლოა, ორგანოთა დონაციის ბანკების ზოგადი მახასიათებლებით იყო განპირობებული. შესაბამისად, დაკვირვების ამ შედეგების მოსახლეობის ფართო და მრავალფეროვან მასაზე განვრცობა, ამ ეტაპზე, გამართლებული არ იქნება.
"თავის ტვინის ქსოვილის სოციო-ეკონომიკური კონტექსტიდან კვლევა უფრო მეტ წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს იგი დაავადების განვითარებაზე", — აღნიშნავს კვლევის მთავარი ავტორი, დოქტორი ემი კაინდი, ვისკონსინის უნივერსიტეტის სამედიცინო პროფესორი.
კომენტარები