ცხოვრების მჯდომარე წესი კიბოს განვითარების რისკს ზრდის — კვლევა
ცხოვრების მჯდომარე წესი კიბოს განვითარების რისკს ზრდის — ვკითხულობთ ჟურნალში JAMA Oncology გამოქვეყნებულ სტატიაში.
"ეს პირველი კვლევაა, რომელიც გადაჭრით მიუთითებს დუნე ცხოვრების წესისა და კიბოთი სიკვდილის კავშირზე", — აღნიშნავს ნაშრომის მთავარი ავტორი, ექიმი სიუზან გილქრისთი, ტეხასის უნივერსიტეტის კიბოს პრევენციის ცენტრის ასოცირებული პროფესორი. მისი თქმით, თუნდაც ყოველდღიურად, 30 წუთით ჯდომა რომ მსუბუქი, ან საშუალო სიმძლავრის ათლეტიკით ჩავანაცვლოთ, ეს კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ხანგრძლივი კვლევა
კვლევაში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი იყო ჩართული. ისინი 1 კვირის განმავლობაში უწყვეტად ატარებდნენ აქსელერომეტრიან მოწყობილობას, რომელიც მათი მოძრაობის განრიგს იწერდა. კვლევა 2009-2013 წლების შუალედში, გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ამ ექსპერიმენტის დასაწყისში არც ერთ მონაწილეს სიმსივნე დიაგნოსტირებული არ ჰქონია.
კვლევაში ჩართული ყველა ადამიანი უფრო მასიური, REGARDS (REasons for Geographic and Racial Differences in Stroke), კვლევის მონაწილე გახლდათ, რომლის ფარგლებშიც 45 წელს ზემოთ ადამიანების ინსულტის რისკებს აფასებდნენ. ეს სამეცნიერო პროექტი აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ იყო დაფინანსებული.
როგორც აღმოჩნდა, მჯდომარე ცხოვრების წესით გამორჩეულ ადამიანებს 82%-ით მაღალი შანსი აქვთ, რომ კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალონ.
ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანსაღ ცხოვრების წესს (სწორი კვება, ვარჯიში და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა) კიბოს შემთხვევათა 50%-ის პრევენცია შეუძლია. თუმცა, როცა საქმე ცხოვრების მჯდომარე წესს ეხებოდა, მეცნიერები მხოლოდ პაციენტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. ახლა მათ უკვე ობიექტური მონაცემებით გამყარებული მტკიცებულება აქვთ.
თუკი მსუბუქი ფიზიკური აქტივობის პირობებში კიბოს განვითარების რისკი 8%-ით მცირდება, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის (ველოსპორტი, სწრაფი სიარული, აკვააერობიკა, ცეკვა, მებაღეობა და წყვილთა ტენისი) შემთხვევაში — 31%.
"ჩვენი შემდეგი კვლევის მიზანია, ობიექტურად განვსაზღვროთ, თუ რა გავლენა აქვს მჯდომარე ცხოვრების წესს სპეციფიკური ტიპის სიმსივნეების განვითარებაზე. ასევე, რა როლს თამაშობენ მთელ ამ პროცესში სქესი და რასა", — აღნიშნა ექიმმა გილქრისთმა
კომენტარები