მეცნიერებმა მარსზე მწვანე ნათება შენიშნეს
მკვლევრებმა მარსის ატმოსფეროში მწვანე ნათება დააფიქსირეს, რომელსაც მზის სინათლე იწვევს — იგი ნახშირორჟანგიდან ჟანგბადის ატომებს ათავისუფლებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ნათება დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე შენიშნეს.
ეს ნათება პოლარული ციალისგან დიდად არ განსხვავდება, რადგან ის იმავე ნაწილაკებისგანაა წარმოქმნილი, თუმცა მისი მექანიზმი განსხვავებულია. ციალი მზიური ქარისგან დამუხტული ნაწილაკებისგან შედგება, რომლებიც ატმოსფეროს ატომების იონიზირებას იწვევს და მათ ნათების წარმოქმნას აიძულებს.
მეცნიერებმა მარსზე მსგავსი ნათების არსებობა დაახლოებით 40 წლის წინ იწინასწარმეტყველეს. ახლა კი ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და რუსული კოსმოსური სააგენტოს, Roscosmos-ის საერთო პროექტის წყალობით, ამ ფენომენის დამტკიცება გახდა შესაძლებელი. მათმა ხომალდმა, Trace Gas Orbiter-მა (TGO) პლანეტის ორბიტამდე 2016 წელს მიაღწია.
გასულ წელს, აპრილიდან დეკემბრამდე პერიოდში, TGO-ს მიერ მოპოვებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ მკვლევრებმა მწვანე ნათების არსებობის დამამტკიცებელი საბუთი იპოვეს — იგი მარსზე 20-დან 400 კილომეტრ სიმაღლემდე გვხვდება.
"ნათება ყველაზე ძლიერი დაახლოებით 80 კილომეტრ სიმაღლეზე იყო და მარსსა და მზეს შორის არსებულ მანძილზე დამოკიდებულებით იცვლებოდა", — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ანა ვანდალე.
"ჩვენ ნათების მოდელირება შევძელით და აღმოვაჩინეთ, რომ იგი, უმეტესწილად, ნახშირორჟანგისგანაა შექმნილი და ორ შემადგენელ ნაწილად — ნახშირბადის მონოოქსიდად და ჟანგბადად იშლება. ჩვენ დავინახეთ, რომ მიღებული ჟანგბადის ატომები ორივე, ხილულ და ულტრაიისფერ სინათლეზე ანათებდნენ", — განაცხადა მკვლევარმა ჯინ ჟერარდმა.
"მარსზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ საკმაოდ ბევრი რამ აქამდე არსებულ თეორიებს ემთხვევა. თუმცა წითელი პლანეტის ნათება დედამიწის გარშემო არსებული ნათების მსგავსი არ არის, იგი ბევრად სუსტია", — განმარტავს ჟერარდი, — "შესაბამისად, ჟაგბადის ატომების ქცევის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი".
აღმოჩენა, შესაძლოა, მარსზე სამომავლო მისიებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. მაგალითად, პლანეტის ატმოსფეროს შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რა ტიპის ურთიერთობა ექნება მას თანამგზავრებთან და ხომალდებთან.
კვლევა 15 ივნისს ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები