მსოფლიოში ყოველი მე-5 პირი COVID-19-ის მწვავე მიმდინარეობის რისკჯგუფშია — კვლევა
მსოფლიოს მოსახლეობის 22%-ს, ანუ 1,7 მილიარდ ადამიანს, მინიმუმ ერთი ისეთი თანმხლები პათოლოგია აქვს დიაგნოსტირებული, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის მწვავე მიმდინარეობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის — ვკითხულობთ ჟურნალ The Lancet Global Health-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 188 ქვეყნიდან შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა.
კვლევიდან ნათელი ხდება, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 33% (ყოველი მესამე ადამიანი) რისკჯგუფში შედის, ანუ მინიმუმ 1 ქრონიკული დაავადების მატარებელია. განსაკუთრებით მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნება საქართველოს მოსახლეობის 7,5%. აღსანიშნავია, რომ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის მთლიანი წილით ჩვენი ქვეყანა კვლევაში აზიის კონტინენტის სახელმწიფოებთანაა შედარებული და მესამე ადგილს იკავებს ტაივანისა და იაპონიის შემდეგ.
კვლევის ერთ-ერთი მიზანი პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ზუსტი რაოდენობის დადგენაა. ეს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, თავისი რესურსები ამ ადამიანების დასაცავად უფრო გონივრულად გამოიყენოს. ავტორთა გათვლებით, მსოფლიო მოსახლეობის 4%-ს (349 მილიონ ადამიანს) COVID-19-ის გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება. მიუხედავად ამისა, კვლევა ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ ამ ინდივიდებს დაავადება უფრო მწვავე ფორმებში გამოუვლინდებათ.
"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები საკარანტინე შეზღუდვებიდან ეტაპობრივად გამოდიან, მთავრობები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად გზებს ამ დრომდე ეძებენ, რადგანაც ვირუსი მოსახლეობაში ჯერ კიდევ ცირკულირებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გათვლები დაავადების მწვავე მიმდინარეობის გაზრდილი რისკების მქონე ადამიანების დასაცავად შემუშავებულ ღონისძიებებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. ეს, შესაძლოა, გულისხმობდეს, რისკის დონის მიხედვით სოციალური დისტანციის წესების შემუშავებას ან სამომავლო ვაქცინაციისთვის ამ ადამიანების პრიორიტეტულად წარმოჩენას", — განაცხადა ენდრიუ კლარკმა, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მოწოდებული გაიდლაინებით, COVID-19-ის მწვავე მიმდინარეობის რისკფაქტორებად გულ-სისხლძარღვთა თანმხლები დაავადებები, თირკმლის ქრონიკული პათოლოგიები, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული ავადმყოფობები მიიჩნევა.
ახალი კვლევა გლობალურ, რეგიონულ და ნაციონალურ გათვლებს აერთიანებს. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ყურადღება სრულად თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებზე იყო კონცენტრირებული და მასში არ მოიაზრებოდა ის რისკფაქტორები, რომლებიც მოწოდებულ გაიდლაინებში არ მოხვდა (მაგალითად, სოციო-ეკონომიკური დონე). რა თქმა უნდა, ეს გათვლები ამომწურავ ინფორმაციას არ იძლევა, თუმცა საკმარისი შეიძლება იყოს ჯეროვანი საკანონმდებლო ღონისძიებების გასატარებლად.
მეცნიერებმა კვლევისთვის საჭირო მონაცემები რამდენიმე მსხვილი წყაროდან მოიძიეს. ესენია: დაავადებათა გლობალური ტვირთის (GBD) მიერ 2017 წელს მომზადებული დაავადებათა გავრცელების სიხშირის მაჩვენებელი, გაეროს 2020 წლის პოპულაციური გამოთვლები და ამჟამინდელი გაიდლაინების მიერ გამოყენებული სტატისტიკური მონაცემები.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ GBD-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ეროვნული ბაზებიდან ამოღებულ მაჩვენებლებზე მაღალია, რადგანაც შემთხვევების ნაწილი დიაგნოსტიკის გარეშე რჩება და, შესაბამისად, სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც ვერ ხვდება. მეცნიერებმა მათ ხელთ არსებული მონაცემები სქესის, ასაკის და ქვეყნების მიხედვითაც გააანალიზეს.
იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც მოსახლეობის საშუალო ასაკი დაბალია, თანმხლები დაავადების მქონე ადამიანების წილიც მცირეა. მაგალითად: ასეთი ადამიანების მაჩვენებელი აფრიკაში 16%-ია (283 მილიონი ადამიანი), ხოლო ევროპაში — 31% (231 მილიონი ადამიანი). მიუხედავად ამისა, მწვავე შემთხვევები აფრიკაში უფრო ხშირად ფატალური შედეგით სრულდება.
გლობალურად, 20 წელზე ახალგაზრდა მოსახლოების 5%-ზე მცირე რაოდენობას აქვს დიაგნოსტირებული ქრონიკული დაავადება. იგივე მაჩვენებელი გაცილებით მაღალია 70 წელს ზემოთ მოსახლეობაში — 66%. 15-64 წლის ასაკის მქონე ადამიანების 23%-ს თანმხლები დაავადება აღენიშნება. შესაბამისად, ეს ადამიანები მომატებული რისკის ჯგუფში შედიან. მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ინფიცირების შემთხვევაში კაცები ორჯერ უფრო დიდი ალბათობით მოხვდებიან კლინიკაში, ვიდრე ქალები.
კომენტარები