სპერმის დონორს კიბოს გამომწვევი გენი აღმოაჩნდა — მისი სპერმა საქართველოშიც გამოგზავნეს
ფოტო: Science Photo Library/Canva
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპერმის დონორი სიმსივნის რისკის შემცველი მუტაციის მატარებელი აღმოჩნდა, თუმცა თვითონ რაიმე სიმპტომი არ აწუხებდა. სანამ ეს გახდებოდა ცნობილი, მისი სპერმის გამოყენებით მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 200 ბავშვი დაიბადა, რაც ნიშნავს, რომ ისინი პოტენციური საფრთხის წინაშე არიან.
2006-2022 წლებში ანონიმური ვინაობის დანიელი კაცის სპერმა 14 ქვეყნის 67 სხვადასხვა კლინიკაში გაგზავნეს, მათ შორის საქართველოშიც. მისი დახმარებით კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად მხოლოდ დანიაში 99 ჩვილი გაჩნდა, საერთო ჯამში მათი რაოდენობა კი სულ მცირე 197 უნდა იყოს.
სპეციალურ საგამოძიებო პლატფორმაზე ვკითხულობთ, რომ უცნობია, გამოიყენეს თუ არა სპერმა ჩვენს ქვეყანაში. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს, სხვა რამდენიმე სახელმწიფოსთან ერთად, კითხვებზე პასუხი არ გაუცია, ამიტომ სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ მოგვეპოვება.
სერიოზული გენეტიკური ანომალია დანიის ევროპულ სპერმის ბანკში აღმოაჩინეს. 2020 წლის აპრილში მათ ერთ-ერთი ბავშვის შესახებ შეატყობინეს, რომელსაც სიმსივნე განუვითარდა და კვლევებით სპეციფიკური მუტაცია გამოუვლინდა. რა თქმა უნდა, სპეციალისტებმა დონორის სპერმა შეისწავლეს, მაგრამ სკრინინგის შედეგად იშვიათი TP53 მუტაცია ვერ დააფიქსირეს.
ამ პერიოდში დონორის ბიოლოგიურ მასალას არ იყენებდნენ, თუმცა უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ მისი გაყიდვა ჩვეულებრივ გაგრძელდა. სამ წელში ბანკს კიდევ მინიმუმ ერთი ბავშვის დიაგნოზის შესახებ აცნობეს, ამიტომ მეცნიერებმა რამდენიმე ნიმუში გამოიკვლიეს და ანომალიური გენის იდენტიფიცირება შეძლეს.
საბოლოოდ, კლინიკებში ამ გენის მატარებელი კაცის სპერმის გაგზავნა 2023 წლის ოქტომბრის მიწურულს შეწყდა.
"ეს სპეციფიკური TP53 მუტაციაა, რომელიც იშვიათია და აქამდე აღწერილი არ ყოფილა. ის დონორის სპერმის უჯრედების მხოლოდ მცირე ნაწილში ფიქსირდება და სხეულში სხვაგან არსად გვხვდება, შესაბამისად, თავად კაცზე არ ზემოქმედებს", — აცხადებენ სპერმის ბანკში.
ისინი აღნიშნავენ, რომ მუტაციას წინასწარი სკრინინგით ვერ გამოავლენდნენ. ასევე, მათი თქმით, სიმსივნის რისკთან ასოცირებული ეს გენეტიკური ანომალია ყველა ბავშვს არ აქვს. რაც შეეხება რეგულაციებს, ევროპულმა სპერმის ბანკმა 2022 წლის მიწურულს გადაწყიტა, რომ თითოეული დონორის სპერმა შეიძლება მაქსიმუმ 75 ოჯახმა გამოიყენოს. ევროპის ბევრ ქვეყანაში დონორის სპერმიდან დაბადებული ბავშვების რაოდენობა კონტროლდება, მაგრამ საზღვრებს მიღმა საერთაშორისო რეგულაციები ნაკლებადაა.

კომენტარები