ახალი კვლევის მიხედვით, სტოუნჰენჯის ჩრდილოეთით მდებარე დურინგტონ უოლსის ჰენჯში (ნეოლითური სტრუქტურა მიწაზე) აღმოჩენილი ერთგვაროვანი ფორმის 16 ორმო ბუნებრივი მოვლენის შედეგად არ წარმოქმნილა. მათ 2020 წელს მიაგნეს და მას შემდეგ სხვადასხვა დაწესებულების კვლევითი ჯგუფები სწავლობდნენ. დასკვნა ასეთია — ორმოები ხელოვნურია და, სავარაუდოდ, ძვ.წ. 2480 წელს ერთდროულად გაითხარა.

დურინგტონ უოლსი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეოლითური ძეგლია.

ფოტო: issuu.com

"ბოლო კვლევა ადასტურებს, რომ დურინგტონ უოლსის გარშემო არსებული ორმოების მსგავსი რამ გაერთიანებულ სამეფოში სხვაგან არსად გვხვდება", — განაცხადა ბრედფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა და წამყვანმა არქეოლოგმა, ვინს გაფნიმ.

დურინგტონ უოლსში მდებარე 16 ორმო 2 კილომეტრი სიგანის მქონე წრეს ქმნის. ზოგიერთი ცალკეული ორმოს დიამეტრი 10 მეტრზე მეტია, ხოლო სიღრმე დაახლოებით 5 მეტრს შეადგენს.

დანალექის ანალიზის, გეოქიმიის შესწავლის, ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენციური დათარიღებისა და დნმ-ის ანალიზის გზით გუნდმა დაადასტურა, რომ ორმოები ადამიანის მიერაა გათხრილი; ისინი გვიან ნეოლითურ ეპოქაში შექმნეს — დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა დურინგტონ უოლსი ააშენეს.

ამ ადგილის ირგვლივ არსებული 2 რკალისებრი სტრუქტურის შესწავლით დადგინდა, რომ ორმოები ერთმანეთს უკავშირდებოდა და, სავარაუდოდ, დურინგტონ უოლსის კომპლექსის ნაწილი იყო.

ფოტო: countryfile.com

"ეს ორმოები უბრალოდ არ გაუთხრიათ და მიუტოვებიათ — ისინი სტრუქტურირებული, მონუმენტური ლანდშაფტის ნაწილი იყო, რაც ნეოლითური საზოგადოების სირთულესა და მაღალ განვითარებაზე მიანიშნებს", — აღნიშნავენ მკვლევრები.

არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ორმოები შეიძლება დურინგტონ უოლსის ცერემონიალურ აქტივობებთან ყოფილიყო დაკავშირებული.

კვლევა ჟურნალ Internet Archaeology-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.