ჩინეთის 4000-წლოვან ქალაქ შიმაოს კარიბჭესთან არქეოლოგებმა ორმო იპოვეს, რომელიც მსხვერპლად შეწირული ადამიანების თავის ქალებით იყო სავსე. ისინი მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ 10 მსხვერპლიდან 9 კაცი იყო.

ეს უძველესი ქალაქი შაანსის პროვინციაში 2018 წელს აღმოაჩინეს. იქ მოსახლეობა დაახლოებით ძვ.წ. 2300-იდან 1800 წლებამდე ცხოვრობდა. შიმაო 4 კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული და უზარმაზარ პირამიდას, სახელოსნოებსა და 2 სასაფლაოს მოიცავდა.

ჩინეთში ნაპოვნი ერთ-ერთი ელიტური სამარხი, რომელშიც გარდაცვლილი კაცი და მსხვერპლად შეწირული ქალი იყვნენ.

ფოტო: IVPP/CAS

სპეციალისტებმა შიმაოსა და მის ახლომდებარე ქალაქებში მიკვლეული ჩონჩხებიდან დნმ-ის ნიმუშები მოიპოვეს, რათა უკეთ გაეგოთ, თუ როგორ იყო იქ ნეოლითური საზოგადოება მოწყობილი; არქეოლოგებმა მსხვერპლშეწირვის ორი ფორმაც გამოავლინეს: ერთი თავების მოკვეთასა და კარიბჭესთან ორმოში ჩაყრას გულისხმობდა, მეორე კი — წარჩინებულთა საფლავებში დაბალი სტატუსის მქონე ინდივიდების (ძირითადად, ქალის) ჩაყოლებას.

ახალი კვლევის ავტორებმა ორმოში ჩამარხული ადამიანების სქესი დნმ-ის ანალიზის გზით განსაზღვრეს. აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა კაცი იყო (როგორც უკვე ვახსენეთ, 10-იდან 9). ეს მიგნება წინააღმდეგობაში მოდის ადრე ჩატარებულ კვლევებთან, რომელთა თანახმადაც, მსხვერპლად უმეტესად ქალებს სწირავდნენ.

მეცნიერების აზრით, საქმე მხოლოდ ისაა, რომ შიმაოს მოსახლეობაში მსხვერპლშეწირვის პრაქტიკები ჩინეთის აქამდე შესწავლილ რეგიონებში არსებულისგან განსხვავდებოდა. გარდა ამისა, მსხვერპლი კაცების დნმ-ის შესწავლამ ელიტური სამარხების მფლობელთა დნმ-თან კონტრასტი არ აჩვენა. ეს ნიშნავს, რომ ისინი "უცხოელები" არ უნდა ყოფილიყვნენ.

ბუნდოვანია, თუ რატომ იყო მსხვერპლშეწირვის რიტუალები სქესობრივად დიფერენცირებული, თუმცა მკვლევრები სავარაუდო ახსნას მაინც გვთავაზობენ. კერძოდ, წარჩინებულთა საფლავებში დაბალი სტატუსის ადამიანთა ჩაყოლება შეიძლება წინაპრებისადმი თაყვანისცემას გამოხატავდეს, ანუ მათ მსხვერპლად დიდგვაროვნების ან მმართველებისადმი პატივის მისაგებად სწირავდნენ. მეორე მხრივ, ორმოში ნაპოვნი თავის ქალები კედლების ან კარიბჭის აშენების რიტუალთან უნდა იყოს დაკავშირებული.

კვლევა გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.