ადრეულ პერიოდში დედამიწაზე არსებობდა ჰომინინების სახეობა, რომელსაც ფლორესის ადამიანი (Homo floresiensis) ეწოდება. მათ ჰობიტებადაც მოიხსენიებენ, ჯონ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებელში წარმოდგენილი მომცრო ტანის არსებების მსგავსად.

ადამიანთა ამ გადაშენებული სახეობის სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრს აღწევდა და ტანთან შედარებით არაპროპორციულად გრძელი ფეხები ჰქონდათ. ასევე, ჰობიტების ტვინი ზომით ჩვენი ამავე ორგანოს 1/3 იყო, ანუ შიმპანზისას დიდად არ აღემატებოდა. ისინი 700 000-50 000 წლის წინა შუა პერიოდში ცხოვრობდნენ და მათი ნამარხები ინდონეზიის კუნძულ ფლორესზეა მიკვლეული.

ახალი კვლევის თანახმად, მათი გადაშენების მიზეზი შეიძლება წვიმის შემცირება გამხდარიყო, რის გამოც საკვებად ნანადირევს საკმარისი ოდენობით ვეღარ მოიპოვებდნენ. ვარაუდობენ, რომ ამან ჰობიტებს კუნძულის სხვა რეგიონებში გადასვლა აიძულა, სადაც ჩვენს წინაპრებთან კონკურენცია მოუწიათ. მეცნიერები ამბობენ, რომ კიდევ ერთი პოტენციური ფაქტორი იმავე პერიოდში ვულკანური ამოფრქვევა უნდა გამხდარიყო.

სპეციალისტები გამოცემა Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში წერენ, რომ კუნძულზე წვიმამ 50 000 წლის წინა პერიოდამდე საგრძნობლად იკლო. ამ დროს შემცირდა სპილოს მსგავსი სტეგოდონების პოპულაციაც, რაც გასათვალისწინებელია, რადგან ჰობიტები მათზე ნადირობდნენ.

დაახლოებით ასე გამოიყურებოდნენ ჰობიტები.

ფოტო: Getty Images

წვიმის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მეცნიერებმა ფლორესზე არსებული გამოქვაბულის სტალაგმიტები შეისწავლეს. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა წყალი ორთქლდება და კალციუმის კარბონატის ფორმირებას უწყობს ხელს. წყლის ნაკლებობისას სტალაგმიტები სწრაფად ვერ იზრდება და ამ ნაერთის კონცენტრაცია დაბალია, მაგნიუმისა კი — პირიქით.

სწორედ ამ მახასიათებლების მიხედვით დაასკვნეს, რომ თუ 76 000 წლის წინ საშუალო წლიური ატმოსფერული ნალექი 1,560 მილიმეტრი იყო, 61 000 წლის წინ უკვე 990 მილიმეტრს შეადგენდა. კლების ტენდენცია 50 000 წლის წინა პერიოდამდე გაგრძელდა, რასაც ახლომდებარე ვულკანის ამოფრქვევაც დაერთო და იქიდან ამოტყორცნილმა მატერიამ კუნძული დაფარა. ამის შემდეგ სტეგოტონებიც გაქრნენ.

მანამდე ამ ცხოველებს სანაპიროსთან ახლოს უნდა გადაენაცვლათ და მათ ჰობიტებიც გაჰყოლოდნენ, რადგან სტეგოტონების ხორცი ფლორესის ადამიანების საკვების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. ვარაუდობენ, რომ იქ ისინი ჰომო საპიენსებს გადააწყდნენ, რომლებთანაც კონკურენციის გამო კონფლიქტებიც შეიძლება ჰქონოდათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.