1708 წელს კარიბის ზღვაში ესპანური გალეონის ტიპის გემი "სან ხოსე" ჩაიძირა, რომელიც სამ საუკუნეზე მეტია, წყალქვეშ 600 მეტრ სიღრმეშია. მისი ნამტვრევები კოლუმბიის ქალაქ კარტახენასთან ახლოსაა, მაგრამ ზუსტი მდებარეობა გასაიდუმლოებულია. ვარაუდობენ, რომ იქ 17 მილიარდი დოლარის ღირებულების არტეფაქტებია.

ზოგი ადამიანის აზრით, რეალური ღირებულება ამაზე ნაკლებია, თუმცა ცნობილია, რომ გემი ოქროთი, ვერცხლით, ზურმუხტითა და სხვა განძეულით იყო დატვირთული. იქ არსებული ნივთების ნაწილი ახლახან პირველად ამოიტანეს, მათ შორის ოქროს მონეტები.

გემის ნამტვრევების იდენტიფიცირება მხოლოდ 2015 წელს მოხერხდა და მისმა პოტენციურმა სიმდიდრემ საერთაშორისო ყურადღება მალევე მიიპყრო. საბოლოოდ, მისი შესწავლა კოლუმბიის მთავრობამ 2024 წელს დაიწყო პროექტის ფარგლებში, რომელსაც "სან ხოსეს გულისკენ" ეწოდება.

კვლევის პირველი ფაზის განმავლობაში მეცნიერებმა და საზღვაო არქეოლოგებმა დისტანციურად მართვადი აპარატებით ფსკერზე არსებული გალეონი შეისწავლეს. მათ იქ ოქროს მონეტები გამოავლინეს და პროექტის მეორე ეტაპზე არტეფაქტები მოიპოვეს. გუნდი აცხადებს, რომ მათ ხელთ ხუთი არქეოლოგიური ნიმუშია: სამი ე.წ. მაკუკინა (მონეტა, რომელსაც "ესპანურ ამერიკაში" იყენებდნენ), ფაიფურის ფინჯანი და დიდი ზომის ქვემეხი.

ფოტო: MinCultura

ფოტო: MinCultura

ფოტო: MinCultura

მეცნიერები აპირებენ, რომ ეს ობიექტები სხვადასხვა მეთოდით გააანალიზონ და დაადგინონ, სად დამზადდა ისინი. იმედი აქვთ, რომ ასე ესპანელთა მიერ ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში გავრცელებულ წარმოების ტექნოლოგიებსა და სავაჭრო გზებზე მეტს შეიტყობენ.

მათთვის საინტერესოა ისიც, თუ როგორ და რატომ ჩაიძირა "სან ხოსე"; მას თავს ბრიტანეთი დაესხა დაპირისპირების დროს, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც ომს ესპანური მემკვიდრეობისთვის. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გემს საზარბაზნე ჭურვი დენთის საწყობის მიმდებარედ მოხვდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამის მიუხედავად, ეს ჰიპოთეზა ფიზიკური მტკიცებულებებით დღემდე არაა დადასტურებული.

კოლუმბიის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროექტის ეს მიღწევა "ისტორიული მოვლენაა" და წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უწყობს ხელს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.