ბეზიმიანის ვულკანი კონუსის ფორმის სტრატოვულკანია, რომელიც რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. იგი 1956 წელს ამოიფრქვა, რა დროსაც კოლაფსი განიცადა, თუმცა 2020 წლის კვლევის თანახმად, იგი ისევ იზრდება. ნაშრომის მიხედვით, მთა თავის ჩამოშლამდელ სიმაღლეს 2030-2035 წლებში მიაღწევს.

7 ათწლეულის წინ ბეზიმიანის სიმაღლე ზღვის დონიდან თითქმის 3113 მეტრი იყო, 1956 წლის 30 მარტს კი მთას ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წვერო და გვერდითა ნაწილი მოსწყდა. ამის გამო მისი ფორმა შეიცვალა.

მთის ზრდას კამჩატკის ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდნენ. 1949-2017 წლებში გადაღებული ფოტოების მიხედვით აშკარა ხდება, რომ მას თითქმის პირვანდელი სიმაღლე დაუბრუნდა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მთას ყოველდღე დაახლოებით 26 400 კუბური მეტრის მოცულობის ქანები ემატებოდა.

ვულკანი ყოველწლიურად იფრქვევა; მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს მომხდარი ამოფრქვევით არამხოლოდ ფერფლის ღრუბლები, არამედ აირისა და ქანების ცხელი ნაკადებიც გაჩნდა, რომლებსაც გეოლოგები პიროკლასტურ დინებებს უწოდებენ.

ბეზიმიანი 2017 წელს.

ფოტო: Alexandr Piragis/Getty Images

მნიშვნელოვანია, რომ პირვანდელი სიმაღლის დაბრუნებით ბეზიმიანის გვერდების მოწყვეტის შანსი იზრდება. 2020 წლის კვლევაში მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ვულკანის ზომა ეფუზიური ამოფრქვევების შედეგადაც იმატებს. ეს ლავის შედარებით მშვიდ და თანაბარ დინებებს გულისხმობს.

ეფუზიურმა ამოფრქვევებმა 1977 წელს იჩინა თავი, დროთა განმავლობაში კი ლავას სილიციუმის მინერალი დააკლდა და ნაკლებად ბლანტი გახდა. მისი ფენების დაგროვებით ბეზიმიანს თავდაპირველი კონუსური ფორმა დაუბრუნდა.

დედამიწაზე ბევრი სხვა ვულკანია, რომლებმაც კოლაფსი განიცადა და შემდეგ თავიდან გაიზარდა. ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ვულკანი, ამ შემთხვევაში ბეზიმიანი, ისევ ადრინდელი მასშტაბით ამოიფრქვევა, თუმცა იგი კვლავ აქტიურია.

მთის მონიტორინგი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.