შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც სიკვდილის ზუსტი დროის დადგენა შეიძლება
ფოტო: Unsplash
გამომძიებლებს ადამიანის სიკვდილის ზუსტი დროის დადგენა უჭირდათ, თუმცა ახალმა კვლევამ შეიძლება ეს გამოასწოროს.
პასუხის მისაღებად სპეციალისტები ხშირად მატლებზე, ანუ ხორცის ბუზების ლარვებზე, დაკვირვებას ეყრდნობიან. ის ერთ-ერთი პირველი მწერია, რომელიც გვამებს ესევა ხოლმე. მატლის ზომა ან ის ფაქტი, უკვე მოასწრეს თუ არა მათ კვერცხების დადება, სიკვდილიდან გასულ დროზე გვაწვდის ინფორმაციას.
მიუხედავად ამისა, მატლების განვითარებაში არსებობს სტადია, როდესაც მათი ფორმა მხოლოდ მცირედით იცვლება, ეს კი დადგენილი სიკვდილის დროის სიზუსტეს ამცირებს. მეორე მხრივ, მაშინაც კი, როცა მატლები ვიზუალურად ნაკლებად არიან შეცვლილნი, მათი ასაკი შეიძლება გენებით განვსაზღვროთ.
სწორედ ამას მიაღწიეს მეცნიერებმა კვლევაში, რომელიც გამოცემაში PLOS Genetics გამოქვეყნდა. მათი ახალი მეთოდი მატლის გენურ ექსპრესიასა და მეტაბოლურ ცვლილებებზეა ორიენტირებული. სპეციალისტებმა მოლეკულური "საათი" შექმნეს, რომელმაც შეიძლება სიკვდილის გამოძიების სფეროში რევოლუცია მოახდინოს. კერძოდ, ნაშრომის ავტორებმა 9 კონკრეტული გენი გამოავლინეს, რომლებიც ასაკის სანდო ინდიკატორებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
რაც შეეხება ტრადიციულ მიდგომას, გამომძიებლები მატლების განვითარების სტადიებს აკვირდებიან ხოლმე. მწერები ცივსისხლიანები არიან, ამიტომ საჭიროა, რომ დროის ფაქტორის გარდა, ტემპერატურაც გაითვალისწინონ. ადამიანის სიკვდილის დროს ადრე მატლების ზომით, წონითა და ვიზუალური მახასიათებლებით ადგენდნენ — რაც უფრო ხნიერი იყო მატლი, მით უფრო მეტი ხნის მკვდარი იყო ადამიანი.
ზემოხსენებული პრობლემა სწორედ აქ ვლინდება, რადგან შედარებით ხნიერი მატლები (გვიანი სტადიის ლარვა) ზომას ან ფორმას ნაკლებად იცვლიან. შესაბამისად, გამომძიებლებს მათი ზუსტი ასაკის დადგენა უჭირთ. ეს პერიოდი შეიძლება საათებს ან დღეებსაც კი მოიაზრებდეს (რაც ტემპერატურაზეა დამოკიდებული). ამ შემთხვევაში, მატლის წონა და ქცევა არასანდო ინდიკატორებია, ამიტომ სიკვდილის დროის ზუსტად განსაზღვრა რთულდება.
ახალი მოლეკულური საათი კი მაშინაც კი მოქმედებს, როცა მატლი ფიზიკურად არ იცვლება. ახლა მხოლოდ ამ მეთოდის რეალურ სიტუაციებში გამოცდაღაა დაგვრჩა.
კომენტარები