მეცნიერებმა ჩინეთში ახალი სახეობის მტაცებელი ცხოველი აღმოაჩინეს
ფოტო: Earth.com
მეცნიერები ჩინეთის ერთ-ერთ ნაკრძალში ველურ ბუნებას იკვლევდნენ, ამ დროს კი ახალი სახეობის მტაცებელი ცხოველი აღმოაჩინეს. ეს სახეობა აქამდე არავის აღუწერია. კვერნისებრთა ოჯახის ამ უახლეს წევრს Mustela mopbie უწოდეს.
ცხოველს სჩუანის პროვინციაში, მეიკუ დაფენგტინგის ეროვნულ ნაკრძალში, მიაგნეს. ცხოველის კვლევას ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგი ციოუ ძინ ვეი ხელმძღვანელობდა. ნაშრომში იგი ახალი სახეობის ამოცნობას დნმ-ისა და ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ცდილობდა.
მეცნიერებმა ეროვნულ ნაკრძალში ხაფანგები დაამონტაჟეს, რათა ტერიტორიაზე მობინადრე პატარა ძუძუმწოვრები შეესწავლათ. მრავალ მღრღნელსა და ბიგას შორის მკვლევართა ყურადღება კვერნის ზომის სამმა ცხოველმა მიიპყრო. ისინი იმით გამოირჩეოდნენ, რომ ბეწვითა და სხეულის პროპორციებით ჩვენთვის ნაცნობ არცერთ სახეობას არ ჰგავდნენ.
ლაბორატორიაში დაბრუნებულმა მკვლევრებმა ცხოველები დეტალურად გამოიკვლიეს. მონაცემები კვერნისებრთა ოჯახთან დიდ მსგავსებაზე მიუთითებდა, მაგრამ რამდენიმე მახასიათებელი აღწერილი სახეობებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით Mustela mopbie-ს უფრო მოკლე სხეული და კუდი, ასევე შედარებით ვიწრო თავი აქვს. ასევე, ბალნის ანალიზმა აჩვენა, რომ იგი მეზობელ რეგიონებში მცხოვრები პატარა მტაცებლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
იმისათვის, რომ ჩინეთში აღმოჩენილი ამ მტაცებლის სახეობა ზუსტად განესაზღვრათ, გუნდმა მას სრული გენეტიკური ანალიზი ჩაუტარა. მეცნიერებმა მიტოქონდრიული გენომები და ბირთვული გენების დიდი ნაკრები ევრაზიის სხვა მტაცებლების, კერძოდ კვერნისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების, მონაცემებს შეადარეს.
Mustela mopbie-ს გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მიტოქონდრიული დნმ-სა და ბირთვული გენების ფილოგენეზური ხეები სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს არ ემთხვევა. ამას ხშირად ინტროგრესია იწვევს (მონათესავე სახეობებში გენების მიმოცვლა, რომელსაც მრავალჯერადი შეჯვარება იწვევს). ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამ სახეობის წინაპრები წარსულში კვერნისებრთა ოჯახის სხვა სახეობებთან შეჯვარდნენ, შედეგად კი მის გენებში შერეული წარმომავლობის კვალი შენარჩუნდა.
ეს პატარა მტაცებელი ეკოლოგებისთვის ძალიან ღირებულია, რადგან იგი გარემოს ცვლილებებზე სწრაფად რეაგირებს. ამის გამო ცხოველი კლიმატის ცვლილებისა და ბუნებაზე ადამიანის ზეგავლენის ინდიკატორად მიიჩნევა. მარტივად რომ ვთქვათ, მისი მდგომარეობა ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანია მთელი ეკოსისტემისთვის.
კვლევა გამოცემაში Journal of Systematics and Evolution გამოქვეყნდა.


კომენტარები