ბევრმა არ იცის, რომ დედამიწას "კუდი" აქვს, რომელიც კოსმოსში მინიმუმ 2 მილიონ კილომეტრზეა გადაჭიმული.

საინტერესოა, რომ დედამიწა მზის სისტემაში მსგავსი თავისებურების მქონე ერთადერთი პლანეტა არაა: კუდი მერკურისაც აქვს. ამ პლანეტას ძალიან თხელი ატმოსფერო აქვს, რომელიც მცირე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს. ამ ელემენტს მზის გაფანტული სინათლე კაშკაშა ნარინჯისფერ შეფერილობას ანიჭებს და, ამასთანავე, მის ატომებს "უბიძგებს". ეს "რადიაციული წნეხი" საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ მერკურის გრძელი მანათობელი კუდი გამოებას.

საქმე ისაა, რომ ყველა მაკროსკოპულ სხეულს ცოტაოდენი მაგნიტურობა მაინც აქვს, რასაც მათი ელექტრონების სპინს უნდა ვუმადლოდეთ: იგი თითქოს პატარა "მაგნიტებს" ქმნის. ნივთიერებათა უმრავლესობის შემთხვევაში სპინები ერთმანეთს აბათილებს, თუმცა მაგნიტურ მასალებში სპინების მიმართულება ემთხვევა. შედეგად მაგნიტს ვიღებთ, რომელსაც პოლუსები და მაგნიტური ველი აქვს.

მაგნიტური ველი დედამიწასაც აქვს. ამას გარე ბირთვში მიმდინარე გეოდინამიკური პროცესები, ასევე გამდნარი რკინისა და ნიკელის მოძრაობა ქმნის.

ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი რეგიონს წარმოქმნის, რომელსაც მაგნიტოსფეროს ვუწოდებთ. იგი დედამიწასთან ახლოს მოძრავი დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზე ზემოქმედებს. გარდა ამისა, მაგნიტოსფერო ჩვენს პლანეტას მზის ქარისგან იცავს.

დედამიწის მაგნიტოსფერო პლაზმას (დაელექტროებულ აირს) აკავებს, თუმცა პლაზმის ზოგიერთი ნაკადი მზისკენ მიედინება, რა დროსაც ნაკადებს ფორმა უმრუდდება. სწორედ ასე ყალიბდება დედამიწის კუდი. როგორც NASA-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, ჩვენი პლანეტის კუდი წვიმის წვეთს შეგვიძლია შევადაროთ. თავიდან იგი სფერულია, თუმცა დაცემისას (ე.ი. სიჩქარის მატებისას) ჰაერის წინააღმდეგობა წვეთს ფორმას უცვლის. მზის ქარიც ასე ამრუდებს დედამიწის მაგნიტოსფეროს.

დედამიწის კუდს ხშირად "მაგნიტოკუდს" უწოდებენ. როგორც წესი, ჩვენი პლანეტა მზის ქარს ისე სწრაფად უვლის გვერდს, რომ კოსმოსში გარკვეული შოკური ტალღა წარმოიქმნება. დედამიწის მაგნიტური კუდის ფორმად სწორედ ამ დროს იწელება.

მეორე მხრივ, თუ მზეზე განსაკუთრებული აქტივობაა (მაგალითად, ამოფრქვევები), დედამიწის გარშემო მზის ქარი შეიძლება შენელდეს ან შესუსტდეს. ამ დროს ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველს ჩვეული შოკური ტალღა და გრძელი კუდი ვეღარ უჩნდება. ამის ნაცვლად მაგნიტურ ველს სრულიად სხვა ფორმა უყალიბდება (ე.წ. ალფვენის ფრთები), კუდი კი დროებით ქრება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მზის ქარი ჩვენს მაგნიტოსფეროს იმაზე ათასჯერ დიდი ზომისას ხდის, ვიდრე დედამიწის რადიუსია. მისი ზუსტი გაბარიტები მაინც უცნობია, რადგან ამდენად დიდი რეგიონის შესწავლა ძალიან რთულია. ბევრი რამ არ ვიცით დედამიწის კუდზეც იმის მიუხედავად, რომ ბოლო ათწლეულებია, მას კოსმოსური ხომალდებით აქტიურად იკვლევენ — კვლავაც, თითქმის წარმოუდგენელია, 2 მილიონი კილომეტრის რეგიონი ცალკეული ხომალდით შევისწავლოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.