როგორ ამცირებს ვარჯიში სიმსივნის რისკს? — კვლევა
ფოტო: Alberto Case/Moment/Getty Images
ცნობილია, რომ ვარჯიში სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს ამცირებს, მაგრამ როგორაა ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან დაკავშირებული? ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, მიზეზი მეტაბოლური ცვლილებები იყოს, რომლებიც კუნთებს მეტ ენერგიას აწვდის, მავნე უჯრედებს კი გასაზრდელად საკმარისი რესურსი აღარ აქვთ.
მეცნიერებმა მკერდის კიბოსა და მელანომის მქონე თაგვების მეტაბოლური რეაქციები გააანალიზეს; ისინი კვების რაციონისა და ფიზიკური აქტიურობის მიხედვით ორ ჯგუფად დაყვეს. შემდეგ მოლეკულური დაკვირვების მეთოდით სხეულში ის ადგილები გამოავლინეს, რომელთა მიმდებარედაც გლუკოზა გადამუშავდებოდა. დადგინდა, რომ ფიზიკურად აქტიური ცხოველების ორგანიზმში კუნთებს ხმარდებოდა ენერგია, რომელსაც სხვა შემთხვევაში სიმსივნური უჯრედები გასაზრდელად გამოიყენებდნენ.
ცხიმიანი საკვების მიმღებ თაგვებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათგან უფრო აქტიურების სხეულში ოთხი კვირის შემდეგ სიმსივნე ბევრად პატარა იყო, ვიდრე მეორე, შედარებით პასიურ, ჯგუფში. ისინი სპეციალურ ბორბალზე დარბოდნენ და მავნე ქსოვილების ზომა 60%-ით შეუმცირდათ.
გუნდმა მეტაბოლიზმთან დაკავშირებული 417 გენის იდენტიფიცირება შეძლო, რომელთა ექსპრესიაც აქტიურ და პასიურ თაგვებში განსხვავებული იყო. ეს მიანიშნებს, რომ ვარჯიშის შედეგად პროვოცირებული მოლეკულური ცვლილებების გამო სიმსივნე ძლიერ სტრესს განიცდის და გადარჩენის რეჟიმზე გადადის.
ვარჯიშმა სიმსივნურ ქსოვილში mTOR-ად წოდებული ცილა განსაკუთრებით შეამცირა, რაც შეიძლება მისი ზრდის შეფერხებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ გლუკოზა ამ პროცესში "მთავარი მეტაბოლური მედიატორია". ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ დადებითი ეფექტი, სავარაუდოდ, ფიზიკური დატვირთვის ხანგრძლივობაზეცაა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, სიმსივნის ზრდაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და მხოლოდ ვარჯიშით მასთან შეწინააღმდეგება შეიძლება გაგვიჭირდეს. ამის მიუხედავად, აქტიურობა დაავადების პრევენციაში დაგვეხმარება, თანაც ის თაგვებში მინიმუმ ორი სხვადასხვა ტიპის სიმსივნის შემთხვევაშია ეფექტიანი. ვრცელდება თუ არა ეს ადამიანებზეც, უცნობია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.
კომენტარები