ასტრონომებმა ყველაზე ადრეული ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI, L. Hustak/STScI
მნათობები სიცოცხლის ბოლოს ფეთქდება და ზეახალ ვარსკვლავებს წარმოქმნის. ამ დროის ძლიერი ენერგია და სინათლე გამოიყოფა, რომლის დაფიქსირებაც ტელესკოპებითაა შესაძლებელი. ასტრონომებმა სწორედ ასეთი მკრთალი გამოსხივება შენიშნეს, რომელიც ე.წ. კოსმოსური განთიადის პერიოდიდანაა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ესაა ყველაზე ადრეული ზეახალი, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. ის დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 720 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა, ანუ მისი სინათლე 13 მილიარდზე მეტი წლის წინანდელია, როცა სამყარო რეიონიზაციას განიცდიდა. ცნობისთვის, წინა რეკორდი 1.8 მილიარდი წლის კოსმოსში აფეთქებულ ვარსკვლავს ეკუთვნოდა.
ახალი "რეკორდსმენის" ნათება 2025 წლის 14 მარტს საფრანგეთისა და ჩინეთის საერთო ზონდით SVOM დააფიქსირეს, რომელიც გამა გამოსხივებაზეა კონცენტრირებული. ახლო დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს სინათლე ხანგრძლივი გამა აფეთქების სიკაშკაშის პიკს შეესაბამებოდა, მისი მკრთალი სიგნალები კი ხილვადობის ზღვარს მიღმა იყო. სხვა ტელესკოპებით მონაცემების გადამოწმების გზით GRB 250314A-იდ წოდებული სინათლის ასაკი დაადგინეს.
გამა გამოსხივება ორი კატეგორიისაა: ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსისას წარმოქმნილი ზეახალის ხანგრძლივი "ანთება" და ისეთი მნათობის სიკვდილის თანმდევი რადიაცია, რომლის ადგილზეც შავი ხვრელი ან ნეიტრონული ვარსკვლავი რჩება. ჩვეულებრივ, ასეთი სინათლე მოვლენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ელვარების უმაღლეს მაჩვენებელს აღწევს, მეტწილად რამდენიმე კვირაში.
მეცნიერები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით GRB 250314A-ის სიკაშკაშის პიკს დააკვირდნენ. ამ პროცესში მათ სამყაროს გაფართოებაც უნდა გაეთვალისწინებინათ, რადგან ეს დროით სხვაობას იწვევს — ზეახალის მაქსიმალური სინათლე თავდაპირველი გამა აფეთქებიდან რამდენიმე თვეში უნდა გამოჩენილიყო.
ვების მონაცემებმა ცხადყო, რომ ეს ზეახალი ვარსკვლავი ისეთი იყო, რომლის მსგავსებიც ბევრად გვიანდელ სამყაროშიც შეგვინიშნავს, ჩვენთან ახლოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კოსმოსური განთიადის პერიოდზე გვაწვდის ინფორმაციას; მაშინ გალაქტიკებისა და ვარსკვლავების რადიაცია ნეიტრალური წყალბადის სქელი "ნისლის" იონიზების პროცესში იყო. ამან კი, საბოლოოდ, კოსმოსი გამჭვირვალე გახადა და სინათლეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა.
იმის გაგება, თუ როგორი იყო იმ დროს მნათობები და გალაქტიკები, ასტრონომებს სამყაროს სრული სურათის აღდგენაში ეხმარება. ის, რომ ზოგიერთი მაშინდელი ზეახალი შედარებით გვიანდლებისგან დიდად არ განსხვავდება, ღირებული ინფორმაციაა და სხვა ამგვარი ობიექტების აღმოჩენაშიც შეიძლება გამოგვადგეს.
ავტორთა ნაშრომები გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა (1,2).


კომენტარები