რატომ უკნავიან კატები უფრო ხშირად კაცებს, ვიდრე ქალებს — ახალი კვლევა
ფოტო: Martin Poole/DigitalVision/Getty Images
თურქეთის ანკარას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კატები კაცებს უფრო მეტად უკნავიან, ვიდრე ქალებს. მათი ვარაუდით, ამის მიზეზი კატებთან კაცი პატრონების უფრო უყურადღებო დამოკიდებულებაა.
ნაშრომი კატის 31 პატრონის მიერ გადაღებულ ვიდეოებს ეფუძნება; მეცნიერებმა კვლევის თითოეულ მონაწილეს დაავალეს, რომ სახლში დაბრუნებისას მაქსიმალურად ჩვეულებრივად მოქცეულიყვნენ და მათი შინაური ცხოველების ქცევა გადაეღოთ.
The New York Times-ის ინფორმაციით, კარის გაღებიდან ასი წამის განმავლობაში კატები მამრობითი სქესის პატრონების მიმართ სხვადასხვა ხმას (კრუტუნი, კნავილი) 4.3-ჯერ გამოსცემდნენ. შედარებისთვის, ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1.8-ს შეადგენდა, ანუ განსხვავება საკმაოდ მკაფიოა და მასზე გავლენა კატის ასაკს, სქესს ან ჯიშს არ ჰქონია.
"ჩვენმა შედეგებმა აჩვენა, რომ კატები ვოკალიზაციას უფრო ხშირად მამრობითი სქესის მომვლელებისკენ მიმართავდნენ. საინტერესოა, რომ მისალმების სიხშირესა თუ ხანგრძლივობაზე შესამჩნევი გავლენა არცერთ დემოგრაფიულ ფაქტორს არ ჰქონია", — წერენ მკვლევრები ნაშრომში.
მკვლევრებმა საერთო ჯამში 22 სხვადასხვა ქცევის ტიპი შეისწავლეს, მათ შორის მთქნარება (ხშირად კატის სტრესის ნიშანი) და საკვებთან დაკავშირებული აქტივობები. ყველა ამ ქცევას შორის ვოკალიზაცია იყო ერთადერთი, რომელიც პატრონის სქესის მიხედვით იცვლებოდა.
მკვლევრები ამ განსხვავების მიზეზებს არ ჩაღრმავებიან, თუმცა მათ ვარაუდი მაინც გამოთქვეს. კერძოდ, შეამჩნიეს, რომ ქალები კატების მიმართ უფრო მეტ ყურადღებას იჩენდნენ, ვიდრე კაცები.
"შესაძლებელია, რომ მამრობითი სქესის მომვლელებს კატების საჭიროებების შესამჩნევად უფრო მკაფიო ვოკალიზაცია ესაჭიროებოდეთ. ეს, თავის მხრივ, კატას პატრონის ყურადღების მისაქცევად უფრო ცხადი და ხშირი ვოკალური ქცევებისკენ უბიძგებს", — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
კვლევა მცირემასშტაბიანია, რადგან მასში მონაწილეობა კატის ბევრ პატრონს არ მიუღია. ამის მიუხედავად, ნაშრომში შინაური ცხოველების ვიდეოჩანაწერებია გამოყენებული, რაც მას ზოგიერთ კვლევასთან შედარებით უპირატესობას აძლევს.
"ჩვენი მიგნებები იმაზე მიუთითებს, რომ კატის მისალმება მულტიმოდალურია, შეიძლება სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობას ასახავდეს ან ისეთი გარე ფაქტორებით იყოს განპირობებული, როგორიც მომვლელის სქესია", — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Ethology-ში გამოქვეყნდა.


კომენტარები