ადამიანის ევოლუციის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ცეცხლის გამოყენება იყო. ამან უფრო ბევრ უსაფრთხო საკვებზე მოგვცა წვდომა, რამაც დიდი ზომის ტვინის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჰომო საპიენსის, ანუ ჩვენი სახეობის, განვითარება გახადა შესაძლებელი.

ამ პროცესის უკეთ გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ, როდის დაიწყეს ჰომოს გვარის წარმომადგენლებმა ცეცხლის დანთება. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დიდ ბრიტანეთში მიაგნეს მტკიცებულებებს, რომელთა თანახმადაც, ეს ტექნოლოგია 400 000 წლის წინ უკვე არსებობდა. მათ თიხის მოსაპოვებელ არეალში გამომწვარი დანალექი, არტეფაქტები და მინერალი პირიტი აღმოაჩინეს, რომლითაც ცეცხლის დანთებაა შესაძლებელი.

"ეს გასაოცარი აღმოჩენა ამ უმნიშვნელოვანეს მომენტს დაახლოებით 350 000 წლით უკან წევს... ცეცხლის დანთებისა და მისი გაკონტროლების უნარი ადამიანის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გარღვევაა, რომლის პრაქტიკულმა და სოციალურმა სარგებელმაც ჩვენი ევოლუცია შეცვალა", — აცხადებს ბრიტანეთის მუზეუმის არქეოლოგი, რობ დევისი.

ფოტო: Craig Williams

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გამოყენება ჰომინინებმა სიტუაციურად დაიწყეს, ტყის ხანძრების დროს. ამის დასტური 1 მილიონი წელზე მეტი ხნის წინანდელია, რასაც შეიძლება ხორცის უფრო დიდხანს შენახვისთვის შეეწყო ხელი. ამის მიუხედავად, ცეცხლის დამოუკიდებლად დანთება ადრეულმა ადამიანებმა ბევრად მოგვიანებით ისწავლეს. აქამდე არსებული უძველესი პირდაპირი მტკიცებულება 50 000 წლის წინანდელია და პირიტის მსგავსი მინერალებისა ქვების ერთმანეთზე მირტყმით ნაპერწკლების გაჩენას გულისხმობს.

სწორედ ამგვარი ტექნოლოგიისთვის საჭირო იარაღებს მიაგნეს მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის სოფელ ბერნჰემში. მათ იქ დაჟანგული პირიტის ორი პატარა ფრაგმენტი იპოვეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სითბოს კვალის მქონე არტეფაქტებთან ახლოს იყო. მათ შორისაა მაღალი ტემპერატურის გამო დამტვრეული კაჟის 4 ქვა და გაწითლებული, გამომწვარი დანალექი ქანი.

ფოტო: Davis et al., Nature, 2025

"გეოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ამ ადგილას პირიტი იშვიათია. ეს მიანიშნებს, რომ ის იქ გამიზნულად მიიტანეს, რათა ცეცხლი დაენთოთ", — ამბობენ ავტორები.

დანალექის ანალიზის თანახმად, მისი მახასიათებლები განმეორებითი სითბოთი აიხსნება, რაც ადამიანების მიერ შექმნილ ცეცხლის კერაზე მიუთითებს. პალეოლითის პერიოდის ინგლისის ტერიტორიაზე ცეცხლის ასეთ ტექნოლოგიას, სავარაუდოდ, ნეანდერტალელები იყენებდნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი საკმაოდ განვითარებულნი იყვნენ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.