მკვლევრებმა თაგვის ანაბიოზის მდგომარეობაში გადაყვანა მოახერხეს
შორეულ პლანეტებზე მოგზაურობას, შესაძლოა, თვეები და წლებიც კი დასჭირდეს. სამეცნიერო ფანტასტიკაში ხშირად შეხვდებით კოსმოსში მსგავს ხანგრძლივ და ინტენსიურ ფრენებს, რომლებსაც ადამიანები ღრმა ძილის მდგომარეობაში გადასვლით უმკლავდებიან.
მსგავსი ტიპის ანაბიოზი რეალობისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. თუმცა ჰარვარდის მეცნიერთა გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის წყალობით, ეს მდგომარეობა შეიძლება იმაზე მალე შეიცვალოს, ვიდრე ბევრს წარმოედგინა.
მათ თაგვების ღრმა ძილის მდგომარეობაში გადაყვანა იმ სპეციალური ნეირონების სტიმულირებით შეძლეს, რომლებიც ჰიბერნაციულ ქცევას აკონტროლებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ნეირონული ციკლის იდენტიფიცირება და მისი აქტივირება გახდა შესაძლებელი.
კვლევაში აღწერილია, თუ როგორ მოახერხეს მეცნიერებმა იმ ნეირონების პოვნა, რომლებიც ტორპორზე, ანუ ცნობიერების მკვეთრ დაქვეითებაზე არიან პასუხისმგებლები; ესაა მდგომარეობა, როდესაც მეტაბოლიზმი შემცირებულია, სხეულის ტემპერატურა კი 20 გრადუსზე დაბალია.
"თბილსისხლიან ცხოველებში სხეულის ტემპერატურა მკაცრად რეგულირებულია. ადამიანებში რამდენიმე გრადუსის დაცემამ, შესაძლოა, ჰიპოთერმიამდე მიგვიყვანოს და ფატალურად დასრულდეს. ტორპორი კი ამ რეგულაციას გვერდს უვლის და სხეულის ტემპერატურას მკვეთრად დაცემის საშუალებას აძლევს", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, სენმიაო სანმა.
ჰიბერნაციის მდგომარეობაში მყოფი ძუძუმწოვრების ტვინზე მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. თუმცა ისინი ახალი აღმოჩენების გაკეთებას იწყებენ. ჩატარებულ ექსპერიმენტში მკვლევრებმა ნახეს, რომ ტვინის ზოგიერთ არეში ქიმიური ნაერთის დამატებით ნეირონების სტიმულირებით ტორპორის გამოწვევა შეიძლებოდა.
"ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის თქმა, შეგვძლია თუ არა ამ მდგომარეობის ადამიანებში გამოწვევა, თუმცა ჩვენს მთავარ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს", — განაცხადა კვლევის ავტორმა, მაიკლ გრინბერგმა, — "ამან, შესაძლოა, ანაბიოზისა და მეტაბოლიზმის კონტროლის შესახებ ახალ აღმოჩენებამდე მიგვიყვანოს".
კვლევა თერთმეტ ივნისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები