Menuon — ბევრად მარტივი ციფრული მენიუ
მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა ნელ-ნელა აქტიურდება და მათ შორის კვების ობიექტებიც იწყებენ მომხმარებლების მიღებას, საჭირო ხდება ახალი რეგულაციების დაცვა, რაც გარკვეულწილად ხარჯების გაზრდასაც უკავშირდება.
როგორც უკვე ვიცით, რესტორნებსა და ბარებში დაშვებულია მხოლოდ ერთჯერადი მენიუს გამოყენება, რაც გარკვეულ ახალ სირთულეებს უკავშირდება. როგორ უნდა მოიქცეს კვების ობიექტი მაშინ, როცა მენიუში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს, ხოლო ყოველ ჯერზე ერთჯერადი მენიუს ბეჭდვა, ყველაფერთან ერთად, არც თუ ისეთი ეკომეგობრული გადაწყვეტილებაა.
ზუსტად ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ქართული სტარტაპი — Menuon — სრულიად ციფრულ და მარტივ პლატფორმას გვთავაზობს.
როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი, ნიკა გურგენიძე გვიყვება, ვებაპლიკაციის გამოსაყენებლად მომხმარებელს რეგისტრაციაც კი არ დასჭირდება. ახალი ციფრული მენიუს სანახავად ორი გზა არსებობს: ადგილზე, QR კოდის დასკანირებით და ნებისმიერი ადგილიდან, რესტორნის საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანით, რომელიც მომხმარებელს წინასწარ ეცოდინება. საკვებ ობიექტებს მენიუს რეალურ დროში რედაქტირების და ცვლილებების მომენტალურად ასახვის საშუალება ექნებათ, რაც მომხმარებლისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
"ამით რესტორნები დიდი ოდენობით თანხას დაზოგავენ, რესტორნის ადმინისტრაციას შეეძლება, რეალურ დროში, სწრაფად და მარტივად შეიტანოს მენიუში ნებისმიერი ცვლილება და წინა პლანზე შეთავაზებები წამოწიოს", — გვიყვება ნიკა.
ახალ ციფრულ მენიუში შესაძლებელი იქნება ვეგანური კერძების მონიშვნა, რაც ვეგან მომხმარებელს სასურველი კერძის მარტივად მოძიების საშუალებასაც მისცემს.
თუ კვების ობიექტს რომელიმე კონკრეტული კერძის ან სასმელის დასამზადებლად საჭირო პროდუქტის მარაგი ამოეწურება, მსგავს შემთხვევებში Menuon ობიექტს საშუალებას აძლევს, შესაბამისი შეთავაზების წაშლის ნაცვლად, ის დროებით პასიურ მდგომარეობაში გადაიყვანოს, რითაც მომხმარებელი მიხვდება, რომ მისთვის სასურველი კერძი მხოლოდ დროებით, გარკვეული მიზეზების გამო არის მიუწვდომელი.
თავდაპირველად ციფრული მენიუ ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციონალით გამოჩნდება, რათა ახალი რეალობის გათვალისწინებით, როგორც მომხმარებლებს, ისე სარესტორნო ბიზნესს მარტივი ადაპტაციის საშუალება ჰქონდეთ, — "არ გვსურს, Menuon სხვადასხვა ფუნქციით გადავტვირთოთ, რაც საწყის ეტაპზე არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი".
სამომავლოდ კი ციფრული მენიუ სასარგებლო და საჭირო ფუნქციების ეტაპობრივად დამატებასაც გეგმავს.
კომენტარები