ციმბირის მდინარეში საწვავი ჩაიღვარა — პუტინი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს
მას შემდეგ, რაც 20 000 ტონა დიზელის საწვავი არქტიკულ წრეში არსებულ ერთ-ერთ მდინარეში ჩაიღვარა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქ ნორილსკთან მდებარე ელექტროსადგურში საწვავის რეზერვუარი დაინგრა. ელექტროსადგურს კომპანია Nornickel-ის განყოფილება ხელმძღვანელობს.
მას შემდეგ, რაც კომპანიამ ინციდენტის მოხსენება დაიგვიანა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციის დროს Nornickel-ის ხელმძღვანელი გაკიცხა.
"რატომ იგებენ სახელმწიფო სააგენტოები ამ ამბავს მოვლენიდან ორი დღის შემდეგ? გადაუდებელი სიტუაციების შესახებ სოციალური მედიისგან უნდა ვიგებდეთ?", — მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა კომპანიის ხელმძღვანელს სერგეი ლიპინს.
Nornickel-ის თქმით, განყოფილებამ ინციდენტის შესახებ დროულად და სათანადოდ განაცხადა.
ქალაქი ნორილსკი კრასნოიარსკის რეგიონში მდებარეობს. მისმა გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ პუტინმა მომხდარის შესახებ კვირას გაიგო, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სოციალურ მედიაში გავრცელდა.
პუტინის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო იყო, რათა დასუფთავების პროცესი სათანადოდ წარიმართოს. რუსულმა საგამოძიებო კომიტეტმა კი, რომელიც მასშტაბურ დანაშაულებს იძიებს, განაცხადა, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით სამი კრიმინალური გამოძიება წამოიწყეს.
მდინარეში ჩაღვრილი დიზელის საწვავის რაოდენობა 2007 წელს მომხდარი ქერჩის ინციდენტის დროს დაღვრილ ნავთობზე ბევრად მეტია (5 000 ტონა). თუმცა შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი რუსეთისთვის ყველაზე მასშტაბური იყო, სიტუაციის გამოსასწორებლად კი სამხედრო ძალებისა და ათასობით მოხალისის ჩართვა გახდა აუცილებელი.
ოფიციალური პირების განცხადებით, მდინარის გასუფთავება რთული იქნება, რადგან იგი საკმაოდ წყალმარჩხია და ასევე რთული მისადგომია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრს, დიმიტრი კობილკინს საწვავის დაწვაც ურჩიეს, თუმცა მისი აზრით, ეს საკმაოდ სარისკოა.
"საკმაოდ რთული სიტუაციაა. წარმოდგენაც არ მინდა არქტიკის ტერიტორიაზე ამდენი საწვავის წვის. ასეთი მასშტაბური კოცონი ძალიან დიდი პრობლემა იქნება", — განაცხადა მინისტრმა.
კომენტარები