ევროს გაციფრულების პროცესში ნიდერლანდების ეროვნული ბანკი წამყვან როლს თამაშობს
ჩინეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ეროვნული ბანკების მიერ დაწყებული ვალუტის გაციფრულების პროცესს არც ევრო ჩამორჩება.
ამჟამად ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) სამომხმარებლო მოდელის განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. ამ ეტაპზე უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მსგავსი ვალუტის შექმნისთვის საჭირო ანალიტიკურ კვლევას აწარმოებს, რადგან სხვა ციფრული ვალუტებისგან განსხვავებით, ევროს შემთხვევაში გაციფრულების პროცესი, შესაძლოა, უფრო რთული აღმოჩნდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ევრო დღეს ევროკავშირის 19 ქვეყნის ოფიციალური ფულადი ერთეულია, მისი გაციფრულების პროცესში ევროპის და ცალკეული ქვეყნების ცენტრალური ბანკების აქტიური ჩართულობა იქნება საჭირო.
საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მიერ 30 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ქვეყანა CBDC-ს ბანკებს შორის ტრანზაქციებისთვის გამოიყენებს, რაც ორგანიზაციებში მოძველებული სისტემების შემაფერხებელ გავლენას აღმოფხვრის. ქვეყნის ბანკმა ბლოკჩეინის გამოყენებით უკვე ჩაატარა ექსპერიმენტი Societe Generale-თან ერთად და ახალი ციფრული ვალუტა ტრანზაქციების მართვისთვის გამოიყენა.
ნიდერლანდების ეროვნულ ბანკს ევროს გაციფრულების პროცესში წამყვანი ქვეყნის სტატუსის მოპოვება სურს, რასაც ადასტურებს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბანკის ხედვა ციფრული ევროს როლის შესახებ სახელმწიფოს ფულადი რესურსების შეკავების საკითხში.
აღნიშნული პოზიცია სრულ თანხვედრაშია ევროპის ცენტრალური ბანკის ხედვასთან, რომელიც ციფრული ევროს სამომხმარებლო მოდელის განვითარებას გულისხმობს მაშინ, როცა საფრანგეთი მის დანერგვას მხოლოდ საბითუმო მოდელით აპირებს.
ნიდერლანდების ეროვნული ბანკის ამავე დოკუმენტში საუბარია ციფრული ევროს საყოველთაო ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ საბითუმო მოდელი აღნიშნული ვალუტის შემთხვევაში არ გაამართლებს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ციფრული ევრო ნაღდი ფულის მოხმარებაზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.
აქვს თუ არა ნაღდ ფულს მომავალი?
ნიდერლანდების ეროვნული ბანკი ციფრული ევროს ირგვლივ არსებულ სამ აქტუალურ საკითხს გამოყოფს. პირველი ორი ნაღდი ფულის მოხმარების შემცირებას — Libra-ს მსგავსი კერძო ციფრული ფულადი ერთეულების მხრიდან არსებულ კონკურენციას და ამ ფაქტორების ციფრულ ანგარიშსწორებაზე და ფინანსურ ინტეგრაციაზე გავლენას უკავშირდება.
მესამე საკითხი COVID-19-ს უკავშირდება. აღნიშნული ფაქტორი დიდ როლს თამაშობს ნაღდი ფულის მოხმარების შემცირებასა და უკონტაქტო ანგარიშსწორებისა და ონლიან ვაჭრობის პოპულარობის მკვეთრ ზრდაზე. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული ტენდენცია ყველა ქვეყანაზე არ ვრცელდება.
მაშინ, როცა ნიდერლანდებში ნაღდი ფულის მიმოსვლა მცირდება, სხვა ქვეყნებში საპირისპირო სურათს ვხვდებით, რადგან კრიზისის დროს, მეტი საიმედოობისთვის ადამიანები არჩევანს ნაღდ ფულზე აკეთებენ.
Bank of America GTS-ის ხელმძღვანელმა, პოლ ტეილორმა Finextra TV-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ნაღდი ფული დღეს მდგრადობის თვალსაზრისით მაღალი ღირებულების მატარებელია.
ციფრული ევროსადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება
პოლ ტეილორის მოსაზრების საპირისპიროდ ნიდერლანდებში ნაღდი ფული პანდემიამდე და მითუმეტეს პანდემიის დროს სულ უფრო სწრაფად კარგავს პოპულარობას.
ნიდერლანდების ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნაღდი ანგარიშსწორებით შესრულებული ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი 2010 წლიდან ფაქტობრივად ნულოვან ნიშნულს მიუახლოვდა. თუ ნიდერლანდელი მომხმარებლები საკუთარი ტრანზაქციების 35%-ს ელექტრონულად ასრულებდნენ, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 68%-მდე გაიზარდა.
მაშინ, როცა განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში ნაღდი ფულის მოხმარება ჯერ კიდევ ეცემა, ნიდერლანდებს 2017 წლიდან მთელი ევროზონის ტერიტორიაზე ნაღდი ფულის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
ნიდერლანდების არცთუ ისე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის 93%-ს შეუფერხებლად მიეწოდება ინტერნეტი, რამაც თავისთავად ელექტრონული ანგარიშსწორების პოპულარობაზეც იმოქმედა.
ამ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს ევროზონის ერთი პატარა ქვეყანა, ლუქსემბურგი დგას.
კომენტარები