აშშ-ში COVID-19-ის ანტისხეულების ტესტების ნახევარი მცდარია — CDC
ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს ხშირად ანტისხეულების ტესტი (იგივე სეროლოგიური ტესტი) უტარდებათ.
ტესტირებების მიუხედავად, CDC-ის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანტისხეულების ტესტები ხშირად არც ისე ზუსტია. შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობა ჯანდაცვის სექტორისთვის ნაადრევია.
"ანტისხეულების ტესტებზე დაყრდნობით, დაავადებაგადატანილი ადამიანების სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში და გამოსწორებით დაწესებულებებში დაბრუნების გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული", — წერია CDC-ის განცხადებაში.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში იმასაც ამბობენ, რომ ანტისხეულებზე ტესტირების მიხედვით, ადამიანების სამსახურში დაბრუნებაც არ უნდა გადაწყდეს.
CDC-ში ამბობენ, რომ სეროლოგიური ტესტი ყალბ დადებით პასუხს უფრო ხშირად იძლევა, ვიდრე ყალბ უარყოფითს. ანუ მეტად ალბათურია, რომ ადამიანს, რომელმაც ტესტირების საფუძველზე აჩვენა, რომ ანტისხეულები გამოიმუშავა, სინამდვილეში ანტისხეულები არ გააჩნია.
ზოგადად უცნობია რამდენად უმუშავდება COVID-19 გადატანილ ადამიანს ხელახალი ინფიცირებისადმი იმუნიტეტი. ექიმები შიშობენ, რომ პაციენტები, რომლებსაც დაავადებისადმი ანტისხეულები აღმოაჩნდებათ ისე მოიქცევიან, თითქოს ისინი იმუნურები არიან და შესაბამისად პრევენციულ ზომებს ნაკლებად დაიცავენ.
"არასწორია იმის დაშვება, რომ ინდივიდები რომლებსაც ანტისხეულები აღმოაჩნდათ, მომავალი ინფექციისგან დაცულები არიან", — ამბობენ CDC-ში.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკა სეროლოგიურ ტესტებს არ უნდა დაეყრდნოს.
კომენტარები