კორონავირუსის გავლენა ფინტექ ინდუსტრიის განვითარებაზე
კორონავირუსის ეპიდაფეთქება ფინტექ ინდუსტრიისთვის ინვესტირების და შეფასებების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირებას დაემთხვამ, თუმცა ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
CB Insights-ის კვლევის მიხედვით, ფინტექ კომპანიებთან გარიგებების რაოდენობა "კვარტლიდან კვარტლამდე ეცემა". ეს ფაქტი ბაზრის არამდგრადობაზე მეტყველებს, რაც პანდემიის პირობებში ყველაზე კარგად გამოჩნდა.
ბოლო წლებში ფინტექ ინდუსტრიამ დიდი ზრდა განიცადა და რეკორდული დაფინანსება მოიპოვა. მაგალითად, CB Insight-ის State of FinTech: Investment & Sector Trends to Watch-ის მონაცემებით, ვენჩურული კაპიტალიდან დაფინანსებული ფინტექ პროექტების ზრდის მაჩვენებელი 2015 – 2018 წლებში 17,1 მილიარდი აშშ დოლარიდან 40,8 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რადიკალური ცვლილება
CB Insights-ის მონაცემებით, ინვესტიციების ზრდა "180-გრადუსით შეიცვალა", რამაც ფინტექ ინდუსტრიის მომავალი რადიკალურად შეცვალა.
ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ ფინტექ ინდუსტრიაში ინვესტიციების და წარმატებული გარიგებების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება.
მაგალითისთვის განვიხილოთ CB Insights-ის კვლევა: 2016-2017, 2017-2018 და 2018-2019 წლების დეკემბერი-მარტის მონაკვეთში ყოველთვიურად 200-დან 300-მდე წარმატებული შეთანხმება ფიქსირდებოდა. ხოლო 2019-2020 წლების იმავე დროის მონაკვეთში ყოველთვიური შეთანხმებების რაოდენობა 100-დან 200-მდე დაეცა.
მსგავსი ტენდენცია გლობალურ ხასიათს ატარებს. რამდენიმე სექტორთან აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეთანხმებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს უახლოვდება.
ფინტექის მომავალი: რა იქნება შემდეგ
ყველა ცვლილების გათვალისწინებით CB Insights სტარტაპებს და ბაზრის სხვა მოთამაშეებს უახლოესი თვეებისთვის რეკომენდაციას აძლევს — "ისინი დაუყოვნებლივ საკუთარ ბალანსზე და ფულადი ნაკადების ანგარიშგების მართვაზე უნდა გადაერთონ".
თითქმის ყველა სექტორის ინვესტორი, საკუთარი ფინანსური პოზიციების შესანარჩუნებლად აქტივების ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას იღებს. ფინტექ კომპანიებმა იმავე მიდგომას უნდა მიმართონ, რადგან არსებულ საბაზრო პირობებში დაფინანსების მოძიების მცდელობა უფრო მეტ პრობლემას შექმნის.
გარდა ამისა, CB Insights-ის აზრით, ფინტექმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი კაპიტალი დააგროვა და არც თუ ისე დიდი მოგება აჩვენა. ახლა ზუსტად ის დროა, როცა ფინტექმა პოზიტიური ფულადი ნაკადი და შემოსავლის დინამიკა უნდა დააფიქსიროს.
კომენტარები