Boston Dynamics-ის რობოტი ძაღლი სახელად სპოტი საკმაოდ პოპულარულია. მან საზოგადოების ყურადღება თავიდანვე მოიპოვა. თუმცა, შესაძლოა არ ელოდით, რომ მაღალტექნოლოგიური ძაღლი ახალი ზელანდიის მთებში ცხვრებს დაწყემსავდა.

ეს უცნაური სანახაობა სპოტის სარეკლამო რგოლში შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც მაღალ-ტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის პოტენციალის დემონსტრაციაა. ამავე ვიდეოში სპოტი მარცვლეულს ამოწმებს და უსწორმასწორო რელიეფზე მისეირნობს.

სპოტის აქტივობების ამსახველი ვიდეო რობოტიკაში სპეციალიზებულმა კომპანიამ, როკოსმა გააკეთა, რომელიც Boston Dynamics-თან ერთად დროიდების დისტანციურ მართვაზე მუშაობს. თანამშრომლობის მიზანი ისეთი რობოტების შექმნაა, რომლებიც გარკვეულ დავალებებს, ადამიანების პირდაპირი მეთვალყურეობის გარეშე შეასრულებენ.

ფერმერებისთვის ეს ნიშნავს, რომ რობოტი მათი სამუშაოს ნაწილს შეასრულებს, იქნება ეს თესლების მოვლა, მარცვლეულის დათვალიერება თუ პირუტყვის მეთვალყურება. სპოტის მსგავს რობოტებს გადაადგილება პრაქტიკულად დამოუკიდებლად შეუძლიათ და სენსორებით არიან აღჭურვილნი, რაც გარემოს შეფასებაში ეხმარებათ.

"რობოტების ქლაუდთან დაკავშირებით, ჩვენ რობოტების აქტიურ ფიზიკურ ავტომაციას შევძლებთ", — ამბობს ROCOS-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ინგგსი. რობოტიკის განვითარების ერთ-ერთი მიზანი, მოსაწყენი და ერთფეროვანი სამუშაოების ავტომაციაა.

Boston Dynamics-ის რობოტი ძაღლები დროთა განმავლობაში იხვეწებიან. მაგალითად, მათ თანამშრომლობაც "ისწავლეს" და ტვირთის გადატანა სინქრონიზებულად შეუძლიათ. ეს რობოტები დახვეწილ კამერებს და სენსორებს იყენებენ, რაც მათ თავიანთი ადგილმდებარეობის და გარემოს აღქმაში ეხმარებათ.

მსგავსი რობოტები შესაძლოა ძალიან გამოგვადგეს. მაგალითად, შესაძლოა რობოტის სამაშველო ოპერაციაზე გაგზავნა: ისეთ ადგილებში სადაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა.

წინა რამდენიმე კვირის მანძილზე რობოტი ძაღლები სინგაპურშიც ვიხილეთ, სადაც ისინი ქალაქში პატრულირებდნენ და მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგია სრულად განვითარებული არ არის. თუმცა მომავალში მსგავსი რობოტები სავარაუდოდ მაქსიმალურ პოტენციალს მიაღწევენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ უფრო ხშირად ვიხილავთ.