Google-ის ინოვაციური ტექნოლოგია: ექსპერიმენტული ყურსასმენი "ჭკვიანი ნაწნავით"
Google ინოვაციური ექსპერიმენტული ტექნოლოგიებით საკმაოდ ცნობილია. შეხებისადმი სენსიტიური ჯინსის ჟაკეტით დაწყებული, სმარტფონში რადარის კონტროლებით დამთავრებული, კომპანია მუდამ უცნაურ და საინტერესო ტექნოლოგიებს ქმნის.
Google-ის ახალი ინოვაცია ეგრეთ წოდებული I/O Braid-ია: ტექსტილური UI მომხმარებელს ხელსაწყოების გამოყენების ინოვაციურ შესაძლებლობას აძლევს.
ყურსასმენის სპეციალურ ნაწნავზე ხელის მოჭერით სპირალური სენსორული მატრიცა აქტიურდება, რომელიც განსხვავებულ "ბრძანებებს" არეგისტრირებს. ეს ნაწნავი დახვეული გამტარი სადენებისგან შედგება, რომლებიც შეხებას 360 გრადუსიანი ხილვადობით აფიქსირებენ.
ამასთანავე, ყურსასმენის დახვეული სადენი მომხმარებელს ანიშნებს, რომ ბრძანება მიღებულია.
ამ დროისთვის "ნაწნავი" მხოლოდ პროტოტიპი და კვლევის საგანია. თუმცა, Google-ში მიიჩნევენ, რომ ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენება მრავალმხრივ არის შესაძლებელი.
აღნიშნული ტექნოლოგიის ინტეგრაცია ტანსაცმელში და სხვადასხვა აქსესუარში შეიძლება, რაც მომხმარებლისთვის სმარტფონთან ურთიერთობას გაამარტივებს. მუსიკის ან შეტყობინებების კონტროლი "დისტანციურად", დანაკარგების გარეშე იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ გუგლის ჭკვიანი ნაწნავი განსხვავებულ შეხებებს აღიქვამს. კომპანიამ მოხალისეებს ნაწნავთან ინტერაქცია სთხოვა. შემდგომ კი მანქანური დასწავლის დახმარებით მონაცემთა ანალიზი გაკეთდა, რამაც "ნაწნავს" სხვადასხვა ტიპის შეხების (მოჭერა, დასრესა, დახვევა და ა.შ) გარჩევის შესაძლებლობა მისცა.
Google-ში ამბობენ, რომ ახალი ტექნოლოგია განსხვავებულ ჟესტებს 94%-იანი აკურატულობით აღიქვამს, რაც დასაწყისთვის ძალიან კარგი შედეგია, თუმცა სამომხმარებლო პროდუქციაში გამოყენებისთვის ეს მაჩვენებელი საკმარისად ზუსტი არაა.
ამასთანავე, მსგავსი ტექნოლოგიის ყურსასმენებში ინტეგრირებით, მომხმარებელმა შესაძლოა გარკვეული ჟესტები შემთხვევით განახორციელოს, რაც საკმაოდ მოუხერხებელია. ყურსასმენის სადენთან შეხებით, შესაძლოა, მუსიკა დაპაუზდეს, გამოირთოს და ა.შ.
მიუხედავად ამისა, Google-ში ამბობენ, რომ მათ ვინც ეს ტექნოლოგია გამოსცადეს, ყურსასმენების ინტერფეისის კონტროლი გაუადვილდათ. ჯერ ადრეა იმის თქმა, ვიხილავთ თუ არა ზემოხსენებული ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებას, ამას მომავალი გვაჩვენებს.
კომენტარები