ვირუსები ჩვენი ავადმყოფობით არანაირ სარგებელს არ იღებენ. დამიჯერეთ, მათ ბევრად ურჩევნიათ, თუ ჩვენ ჯანმრთელები ვიქნებით. ის, რაც ვირუსს ყველაზე მეტად სჭირდება მასპინძელია, რომელიც მას გავრცელებაში დაეხმარება.

ავად გახდომის შემდეგ თქვენ ხშირად სახლში რჩებით და ბევრს აღარ მოძრაობთ. გარეგნულადაც შესამჩნევია, რომ ცუდად ხართ, შესაბამისად, სხვებიც გერიდებიან. ვირუსის გადმოსახედიდან ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელია: როგორ უნდა გაავრცელოს მან საკუთარი თავი და დაიპყროს ახალი ორგანიზმები, როდესაც შენ ლოგინში გორაობ და ფილმებს უყურებ?

უიღბლო ვირუსებს რთული არჩევანის გაკეთება უწევთ. ახალი ორგანიზმების დასაინფიცირებლად მათ საკუთარი თავის ასლები უნდა შექმნან. ასლების გასაკეთებლად ისინი იძულებულნი არიან შენს უჯრედებში შეიჭრან და მათგან რესურსები იძულებით ითხოვონ. შემდეგ, შექმნილმა ასლებმა უჯრედებიდან როგორმე უნდა გამოაღწიონ, ეს ხშირად ამ უჯრედების დაღუპვას ნიშნავს, ამის გამო კი შენს ორგანიზმს ახალი უჯრედების შექმნა უწევს. თუმცა ხშირ შემთხვევებში ავადმყოფობა ვირუსების მიერ უჯრედების დაზიანებით არაა გამოწვეული.

უჯრედებს ვირუსები არ უყვართ, მათი შემოჭრის შესახებ ისინი ინფორმაციას იმუნურ სისტემას ატყობინებენ, რომელიც, თავის მხრივ, ორგანიზმის ტემპერატურას მაღლა სწევს, ანთებით პროცესებს იწყებს და პათოგენთან ბრძოლას ცდილობს. ვირუსებს მაღალი ტემპერატურა არ უყვართ, მათ გასამრავლებლად საჭირო მექანიზმები შედარებით დაბალ ტემპერატურაზე უკეთ მუშაობს.

იმუნური სისტემა ვირუსის ორგანიზმიდან გამოდევნას ყველა სხვა მეთოდითაც ცდილობს. ეს ვირუსისთვის ერთდროულად სასიკეთო და საწყენი ამბავია — ამით ვირუსს ახალი ორგანიზმების ინფიცირების საშუალება ეძლევა, თუმცა, მეორე მხრივ, მას ამჟამინდელი მასპინძლიდან დევნიან. რეალურად, სწორედ ამ ურთიერთობით ყალიბდება ვირუსული ინფექციების სიმპტომები, იქნება ეს ხველა, ცემინება თუ რაიმე სხვა.

რაც უფრო სწრაფად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მალე დაატყდება მას თავს იმუნური სისტემა, რის შედეგადაც ის ამჟამინდელ მასპინძელს დაკარგავს. მეორე მხრივ, რაც უფრო ნელა გამრავლდება ის, მით გვიან ექნება მას სხვა ორგანიზმების ინფიცირების შანსი.

ვირუსები ამ პრობლემის გადაჭრას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

ზოგი მათგანი, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციების ვირუსი, შედარებით მარტივ და სწრაფ გზას ირჩევს. ის ზედა სასუნთქ გზებში იდებს ბინას, საიდანაც დახველებისა და დაცემინების გზით გავრცელება ადვილია. ეს ვირუსები თვლიან, რომ იმუნური სისტემა მათ მალე გამოაძევებს, ამიტომ ისინი ორგანიზმში დიდ ხანს გაჩერებას არ ცდილობენ.

მეორე მხარეს გვაქვს ვირუსები, მაგალითად, ებოლა, რომელიც ორგანიზმს ძალიან სწრაფად, ძალიან მწვავედ აავადებს. გაციებისგან განსხვავებით ეს ვირუსი მრავალ ქსოვილს აინფიცირებს და ის არა "ჰაერით," არამედ ქსოვილური სითხეებით (სისხლი, ნერწყვი და ა.შ.) გადადის. მათი სტრატეგია ისაა, რომ შენ ვირუსებით გაბერილ გიგანტურ ბურთად გაქციონ, შემდეგ კი იმედი აქვთ, რომ სადმე ვინმესთან ძალიან ახლო კონტაქტში მოხვდები. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არც ისე კარგი სტრატეგიაა, რადგან თანამედროვე სამყაროში ინფიცირებულ ადამიანთან სითხეების გაცვლის თავიდან არიდება ეფექტიანად შეიძლება.

კიდევ ერთი ტიპი სქესობრივად გადამდები ინფექციებია, რომელთაც ძალიან საინტერესო მიდგომა აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მასპინძელი ორგანიზმი შესაშურ ფიზიკურ მდგომარეობაში იყოს, ხშირად ჰქონდეს სექსი, ანუ ჰყავდეს ბევრი პარტნიორი და მუდმივად ეძებდეს ახლებს. თუმცა, თუ სქესობრივი ინფექციების სიმპტომები ადამიანს ძლიერად აქვს გამოხატული, მსგავი წარმატება ნაკლებად სავარაუდოა.

სწორედ ამის გამო ჰერპესი და სხვა ცნობილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ძალიან ნელა პროგრესირებს. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ წლების განმავლობაში სიმპტომები მაქსიმალურად ფრთხილად, თანდათანობით და ნელა გამოავლინოს. ძალიან საინტერესო ისაა, რომ ამ მიდგომით დროთა განმავლობაში სიფილისი ნაკლებად აგრესიული გახდა. მის შესახებ არსებულ პირველ ჩანაწერებში ის ძალიან ვერაგ და სწრაფად პროგრესირებად დაავადებადაა მოხსენიებული, ახლა კი სიფილისი წლების განმავლობაში შეიძლება ისე განვითარდეს, რომ მასპინძელმა მის შესახებ არც იცოდეს.

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს კიდევ ერთი სტრატეგია აქვთ, რომ თქვენი სქესობრივი ცხოვრება გაახანგრძლივონ. ისინი აქტიურად თრგუნავენ სასიგნალო სისტემებს, რომლებსაც უჯრედები იმუნური სისტემის გასააქტიურებლად იყენებენ. იმუნური სისტემა შემოჭრილი პათოგენების გარდა ორგანიზმში მიმდინარე სხვა პრობლემების აღმოფხვრაშიცაა ჩართული, მაგალითად, ის უჯრედებს აკონტროლებს და მათ არ აძლევს საშუალებას, რომ სიმსივნედ გადაიქცნენ. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც, ზოგჯერ, სხვადასხვა ვირუსულ დაავადებასთან კიბოს რისკებია ხოლმე ასოცირებული, იქნება ეს საშვილოსნოს ყელის კიბო თუ რაიმე სხვა.

ხშირად, როდესაც ვირუსები მუტაციებს განიცდიან, ისინი არა უფრო მომაკვდინებელი, არამედ უფრო გადამდებები ხდებიან. ვირუსს ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმი სჭირდება, რადგან თუ ის თავის მასპინძელს პირველივე დღეს მოკლავს, ვირუსი ვერ გავრცელდება. ეს შეიძლება ერთ-ერთ მიზეზად ჩავთვალოთ, რატომაც, მაგალითად, ებოლა პანდემიად ვერ იქცა.

თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, პანდემიების უმეტესობა ან ისეთი პათოგენით იყო გამოწვეული, რომელსაც დაბალი სიკვდილიანობა ჰქონდა, მაგრამ ადვილად გავრცელებადი იყო, ან ისეთით, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა, მაგრამ ხანგრძლივი ინკუბაციის პერიოდი ჰქონდა.

ესპანურ გრიპს ძალიან მაღალი სიკვდილიანობა არ ჰქონია, თუმცა ის ძალიან სწრაფად გავრცელდა, რის გამოც მილიონობით ადამიანი დაიღუპა. მაგალითისთვის, შავი ჭირი ძალიან მომაკვდინებელი იყო, ხანგრძლივი ინკუბაციის პერიოდით.

საინტერესოა, რომ კორონავირუსმა საკმაოდ ეფექტიან შუალედს მიაგნო, მას ძალიან მაღალი სიკვდილიანობა არ აქვს, ოხლო თავდაპირველი სიმპტომები საკმარისად მსუბუქია იმისთვის, რომ ადამიანს გამოეპაროს.


რა თქმა უნდა, ვირუსებსა და უჯრედებს არც ემოციები აქვთ, არც გააზრებული მიზნები და არც ამბიციები. ეს სტატია უბრალოდ მეტაფორებით გაჯერებული გამოდგა.

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია. საბედნიეროდ, ჩვენ ვირუსებზე ბევრად მეტი ვიცით, ვიდრე მათ — ჩვენზე და თუ ამ ცოდნას სათანადოდ გამოვიყენებთ, ისინი ვერ დაგვამარცხებენ.