ენტონი ფაუჩი: გვაქვს მკაფიო მტკიცებულება, რომ რემდესივირი მუშაობს
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ რემდესივირმა ეფექტიანობა აჩვენა.
"მონაცემები აჩვენებს, რომ რემდესივირს გამოჯანმრთელების დროზე ცალსახა და შესამჩნევი დადებითი გავლენა აქვს", — ამბობს ის. მონცემები, რომელზეც ფაუჩი საუბრობს ფართომასშტაბიანი კვლევიდანაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა და რომელშიც 1 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ფარგლებში კორონავირუსით ინფიირებულთა ნაწილი პლაცებოს იღებდა, ნაწილი კი რემდესივირს.
ჩვეულებრივ, კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხილვის შემდეგ ქვეყნდება. ამ კვლევის შემთხვევაში ჯერ ეს არ მომხდარა, თუმცა ფაუჩი ამბობს, რომ შედეგები დამაიმედებელია.
მისი თქმით, არსებობს "ეთიკური ვალდებულება, რომ ჯგუფს, რომელიც პლაცებოს იღებდა, ამის შესახებ შევატყობინოთ, რომ მედიკამენტი მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს".
ფაუჩის თქმით, "რემდესივირის ჯგუფში" შემავალი პაციენტები საავადმყოფოდან საშუალოდ 11 დღეში ეწერებოდნენ, პლაცებო ჯგუფის შემთხვევაში კი 15 დღეში.
"რაც დამტკიცებულია ის არის, რომ მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია", — ამბობს ფაუჩი.
ჯერჯერობით აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ არც ერთი მედიკამენტი არ დაუმტკიცებია. თუმცა, The New York Times-ის მიხედვით, FDA გეგმავს, რომ რემდესივირის გამოყენება გადაუდებელი საჭიროების ფორმით დაჩქარებულად დაუშვას.
კომენტარები