დიდ ბრიტანეთში პირველ მოხალისეს ვაქცინა გაუკეთეს
ვაქცინის კვლევაში მონაწილე 800 ადამიანისგან საცდელი ვაქცინა ორ მოხალისეს უკვე გაუკეთეს. მოხალისეთა ნახევარი COVID-19-ის, ნახევარი კი საკონტროლო ვაქცინას მიიღებს, რომელიც ადამიანს მენინგიტისგან იცავს, თუმცა არა კორონავირუსისგან.
კვლევაში მონაწილეებმა არ იციან, თუ რომელ ვაქცინას იღებენ ისინი, ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ექიმებს აქვთ.
"მე მეცნიერი ვარ და მინდოდა ამ სამეცნიერო პროცესს ისე დავხმარებოდი, როგორც შემეძლო", — განაცხადა ელისა გრანატომ, ერთ-ერთმა მოხალისემ, რომელმაც ვაქცინა მიიღო.
ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. პრე-კლინიკურ ცდებს კი ჯენერის ინსტიტუტის პროფესორი სარა გილბერტი ხელმძღვანელობდა.
"პირადად მე ამ ვაქცინის დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ის უნდა გამოვცადოთ და საჭირო მონაცემები მივიღოთ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ნამდვილად მუშაობს და ადამიანებს კორონავირუსგან იცავს", — განაცხადა გილბერტმა.
როგორ მივხვდებით მუშაობს თუ არა ვაქცინა?
ვაქცინის ეფექტიანობის გასაგებად ერთადერთი გზა არსებობს, გუნდი კვლევის ფარგლებში ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს უნდა დააკვირდეს.
მაგრამ თუკი დიდ ბრიტანეთში შემთხვევები სწრაფად დაეცემა ეს მკვლევრებისთვის პრობლემა იქნება, რადგან, შესაძლოა, მონაცემები საკმარისი არ აღმოჩნდეს.
"ამჟამად ეპიდემიის ახლადნელ ტალღას მივსდევთ. თუკი ამას ვერ მოვახერხებთ, ჩვენ ვერ დავადგენთ მუშაობს თუ არა ვაქცინა. ჩვენ ველოდებით, რომ მომავალში შემთხვევები კიდევ იქნება, იმიტომ, რომ ვირუსი არსად გამქრალა", — განაცხადა ოქსფორდის ვაქცინის გუნდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ენდრიუ პოლანდმა.
მკვლევრები კვლევისთვის უპირატესობას ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებს ანიჭებენ, რადგან მათ ინფიცირების ბევრად მეტი შანსი აქვთ. უფრო დიდი კვლევა, რომელშიც 5 000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, მომდევნო თვეებში დაიწყება და ასაკობრივი შეზღუდვაც არ ექნება.
როგორც აღმოჩნდა, ასაკოვან ადამიანებს ვაქცინის მიმართ უფრო სუსტი იმუნური პასუხი აქვთ. ამჟამად მკვლევრები მათთვის ვაქცინის ორმაგი დოზის გაკეთებას განიხილავენ.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ აინფიცირებენ მოხალისეებს განზრახ? ეს ნამდვილად სწრაფი და უფრო ზუსტი იქნებოდა, მაგრამ ეთიკურად გაუმართლებელი, რადგან COVID-19-ის დამტკიცებული მკურნალობის გზა არ არსებობს.
მაგრამ მსგავსი რამ მომავალში, შესაძლოა, შესაძლებელი გახდეს.
"თუკი დაავადებისთვის დამტკიცებული მკურნალობის საშუალება და მოხალისეების უსაფრთხოების გარანტია გვექნება, ჩვენ ვაქცინის ტესტირების მსგავსი გზის გამოყენებას შევძლებთ", — განაცხადა პროფესორმა პოლანდმა.
უსაფრთხოა თუ არა კვლევა?
კვლევაში მონაწილე მოხალისეები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ისინი გაფრთხილებულები არიან, რომ ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე დღე თავის ტკივილები ან სიცხე შეიძლება ჰქონდეთ. ასევე არსებობს შანსი, რომ ვირუსმა კორონავირუსზე სერიოზული რეაქცია გამოწვიოს. მაგრამ ოქსფორდის გუნდის თქმით, მონაცემების მიხედვით, ამის რისკი მინიმალურია.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ სექტემბრისთვის ვაქცინის მილიონი დოზა ექნებათ მზად. ხოლო ვაქცინის ეფექტიანობის დამტკიცების შემდეგ მისი წარმოება ბევრად გაიზრდება.
ვინ მიიღებს ვაქცინას პირველი?
პროფესორი გილბერტის თქმით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
"ეს ჩვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ჩვენი საქმეა ისეთი ვაქცინის შექმნა, რომელიც მუშაობს, დანარჩენი ჩვენი არ გვეხება", — აცხადებს ის. "ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინის საკმარისი დოზა გვაქვს მათთვის, ვისაც ის განსაკუთრებით სჭირდება, არამხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ განვითარებად ქვეყნებში".
კიდევ ერთ გუნდს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს, იმედი აქვს, რომ ადამიანებზე ცდებს ივნისში დაიწყებს.
კომენტარები