როგორ გამოვიყენოთ პანდემიით გამოწვეული სტრესი ჩვენ სასიკეთოდ
კვლევებით დასტურდება, რომ ჩვენ სტრესის გამოყენება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია. ამისათვის სამი საფეხურის გავლაა საჭირო.
დღეს სამყაროში სტრესული დროება დგას. კორონავირუსისა და მის მიერ გამოწვეული დაავადების, COVID-19-ის გამო მილიონობით ადამიანი არა მხოლოდ თავიანთ ჯანმრთელობაზე, არამედ შემოსავალსა და მომავალზეც ღელავს. ამავდროულად, თავად ეს მღელვარებაც ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და ამან, შესაძლოა, ავადმყოფობისადმი უფრო მოწყვლადიც კი გაგვხადოს. ირონია აშკარაა.
საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული მიდგომაც: ჩვენ შეგვიძლია, სტრესი ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სტრესის ზემოქმედების ხასიათს მისი ტიპი ან სიმძლავრე კი არ განაპირობებს, არამედ — ჩვენი განწყობა.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელშიც 30 ათასი ამერიკელი მონაწილეობდა, სტრესის ყველაზე მაღალი დონის მქონეები სიკვდილის 43 პროცენტით უფრო მაღალი რისკის ქვეშ მხოლოდ იმ შემთხვევაში იყვნენ, თუ მათ სწამდათ, რომ სტრესი მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო. ამის საწინააღმდეგოდ, სტრესის მაღალი დონის მქონეები, რომლებსაც არ სწამდათ ჯანმრთელობაზე სტრესის უარყოფითი გავლენის, გარდაცვალების ყველაზე დაბალი რისკის ქვეშ იყვნენ ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით — მცირედი სტრესის მქონე ადამიანების ჩათვლით.
ჩვენ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ ჩვენი განწყობა სტრესის მიმართ. 2017 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ გამოსცადა სტრესის მიმართ განწყობის ზეგავლენა საფინანსო სფეროში მომუშავე ადამიანებზე ბოლო პერიოდში მომხდარი სხვა სტრესული მოვლენის — 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს. ექსპერიმენტის ფარგლებში ფინანსური სექტორის თანამშრომლებს გადაეცათ სამსაფეხურიანი გზამკვლევი "სტრესი გამაძლიერებელია" განწყობის გამოსამუშავებლად.
ამ ტექნიკის სწავლიდან ერთი თვის შემდეგ თანამშრომლებში ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემა და გაზრდილი პროდუქტიულობა აღინიშნა. რაც მთავარია, მათ ამ შედეგს სტრესის დონის შემცირების გარეშე მიაღწიეს. სხვა სიტყვებით, ისინი ნაკლებად დასტრესილები კი არ იყვნენ, არამედ განსხვავებულად განიცდიდნენ სტრესს, შდეგად კი, მეტად ჯანმრთელები და პროდუქტიულები გახდნენ.
კორონავირუსის მიმართ ჩვენი სტრესული დამოკიდებულება წამიერად ვერ შეიცვლება, თუმცა შესაძლებელია, რომ თავად სტრესისადმი შევცვალოთ ჩვენი მიდგომა. ქვემოთ გთავაზობთ აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედროებზე, სტუდენტებსა და ბიზნესის სფეროში მომუშავეებზე გამოცდილ სამსაფეხურიან გზამკვლევს, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ნაბიჯი პირველი: გაიაზრე სტრესი
იმისთვის, რომ სტრესი სამსახურში ჩაიყენო, საჭიროა, უბრალოდ, დაინახო და გაიაზრო იგი. სტრესისთვის სახელის გათვითცნობიერებულად და მიზანმიმართულად დარქმევას ნეირონული აქტივობა ამიგდალადან — ემოციებისა და შიშის ცენტრიდან — გადააქვს ტვინის შუბლისწინა ქერქში, რომელიც კონტროლსა და დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი. სხვა სიტყვებით, როდესაც ვაცნობიერებთ ჩვენს სტრესს, შეშინებული პოზიციის ნაცვლად გააზრებული და მიზანდასახული პოზიციიდან ვიწყებთ მასთან გამკლავებას.
სტრესის გაცნობიერება ასევე გვეხმარება, დავძლიოთ ის, რასაც "ირონიული გონებრივი დამუშავება" ჰქვია. როდესაც თავს ვარიდებთ რაღაცაზე ფიქრს — ვთქვათ, იმაზე, თუ როგორ გვსტრესავს კორონავირუსი — ჩვენი ტვინი ცდილობს, ამაში დაგვეხმაროს, ამიტომ ის მუდმივად ამოწმებს, ვფიქრობთ თუ არა მოცემულ საკითხზე. არსებითად, ჩვენი ტვინი დროგამოშვებით გვეკითხება: "კორონავირუსზე ხომ არ ფიქრობ?", რაც, რა თქმა უნდა, გვაწყებინებს ფიქრს კორონავირუსზე. ამიტომ სტრესის გამომწვევი მიზეზებისთვის თავის არიდება ან მათი უარყოფა არა მხოლოდ არ მუშაობს, არამედ კონტრპროდუქტიულიცაა, რადგანაც სტრესული აზრების ჩახშობას უდიდეს მენტალურ ენერგიას ვახარჯავთ.
ეს საფეხური ასევე გაძლევს შანსს, დაინახო, რეალურად რა დგას შენი სტრესისა და მღელვარების უკან. გეშინია, არ დაავადდე თუ რისკჯგუფში მყოფ საყვარელ ადამიანზე ღელავ? სახლიდან მუშაობასა და ოჯახურ პასუხისმგებლობებს შორის ბალანსის პოვნა გსტრესავს თუ სამსახურის დაკარგვის პერსპექტივა?
მას შემდეგ, რაც დაადგენ, კონკრეტულად რა გსტრესავს, შეგიძლია, გამოიკვლიო შენი რეაქციაც სტრესის გამომწვევებზე. რა ემოციებს განიცდი: იმედგაცრუებას, მწუხარებას, ბრაზს? რას ამჩნევ საკუთარ სხეულში: დაძაბულობას გრძნობ მხრებსა და კისერში თუ დაძინება გიჭირს?
ნაბიჯი მეორე: მიიღე სტრესი
შემდეგი საფეხური სტრესის მიღებაა. რატომ უნდა მოგვინდეს ჩვენს ცხოვრებაში სტრესის შემოშვება, განსაკუთრებით პანდემიისას? საქმე ისაა, რომ ჩვენ მხოლოდ ის გვსტრესავს, რაც გვაღელვებს. შესაბამისად, სტრესის მიღებით ჩვენ მის უკან მდგარ პოზიტიურ მოტივაციას ან პირად ღირებულებას ვუკავშირდებით. როცა ჩვენ უარვყოფთ ან გავურბივართ სტრესს, ჩვენ, შესაძლოა, რეალურად იმასაც უარვყოფთ ან გავურბივართ, რაც ჩვენთვის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია.
სტრესის უკან მდგარ ღირებულებებსა და მიზნებთან დასაკავშირებლად შეეცადე, შეავსო ეს წინადადება იმ შესაძლებლობით, რაც პირველი საფეხურის გავლის შედეგად დაადგინე, რომ ყველაზე მეტად გსტრესავს: "მე მსტრესავს [ეს], რადგანაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ..."
ნაბიჯი მესამე: გამოიყენე სტრესი
მეორე ნაბიჯის შესრულება გეხმარება, თავი შეამზადო მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის: სტრესის მაქსიმალურად გამოყენებისთვის შენი მიზნების მისაღწევად და შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანთან უკეთ დასაკავშირებლად.
ჰკითხე შენს თავს: არის შენი ტიპური რეაგირება სტრესის უკან არსებული ღირებულებების შესაბამისი? თუ ოჯახის წევრების შესაძლო დაინფიცირება გსტრესავს, რადგანაც ღელავ მათზე, მათთან ხმის ამაღლება იმის გამო, რომ საკმარისად დიდხანს არ იბანენ ხელს, საუკეთესო გზაა მათ დასაცავად? თუ კორონავირუსის შენს სოციალურ ჯგუფზე ზეგავლენა გაღელვებს, მუდმივად ახალი ამბების ძიება საუკეთესო გზაა ამ ჯგუფის წევრთა დასახმარებლად? დაიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება სტრესზე შენი რეაგირების შეცვლა, რათა მეტად შეუწყო ხელი დასახული მიზნების განხორციელებას.
ახლა საოცრად ბევრი ისეთი რამ ხდება, რაზეც კონტროლი არ გაგვაჩნია. მაგრამ, როგორც მრავალი ადამიანი ამჩნევს, შიშთან ერთად, უპრეცედენტოდ ბევრი შესაძლებლობაც გვეძლევა. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ჭეშმარიტი შინაგანი გარდაქმნა მხოლოდ სტრესის ან კრიზისის დრო მიიღწევა. ახლა მთავარია, შეძლო და კორონავირუსით გამოწვეული სტრესი აქციო იმ ენერგიად, რომელიც ამ პერიოდიდან მაქსიმალური სარგებლის გამოტანაში დაგეხმარება.
სტრესის ჩვენდა სასიკეთოდ გამოყენება ამ საშიშ დროში, შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტურად ან შეუძლებლადაც კი ჟღერდეს. თუმცა ალტერნატივა ერთობ საფრთხილოა: სტრესის უგულებელყოფა უფრო მეტ სტრესს იწვევს.
პანდემია და მასზე ჩვენი რეაქცია წარმოუდგენლად კომპლექსური მოვლენაა. თუმცა მოგვიანებით ჩვენ ყველას შეგვეძლება, ვკითხოთ საკუთრ თავებს, თუ როგორ ვუპასუხეთ ამ კრიზისს: ჩვენი ღირებულებების მიხედვით ვცხოვრობდით? გამოვწურეთ მაქსიმუმი ამ შესაძლებლობიდან, გავზრდილიყავით პიროვნულად, საყვარელ ადამიანებთან გვეკონტაქტა და შემდეგი კრიზისისთვის მოვმზადებულიყავით?
ამავე თემაზე:
კომენტარები