ტრამპის ბრძანება მთვარის წიაღისეულის მოპოვებას აკანონებს
მთვარეზე ადამიანების ხანგრძლივი ცხოვრება და კოლონიზაციის დაწყება აშშ-ის კოსმოსური მისიის ერთ-ერთი გრძელვადიანი ამოცანაა. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ თანამგზავრის წიაღში არსებული რესურსების გამოყენება ასტრონავტების საქმიანობას ხელს შეუწყობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აპრილს აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითად კოსმოსური მისიის ფარგლებში სხვა პლანეტებზე არსებული რესურსების მოპოვება და გამოყენება ნებადართული იქნება.
თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ მთვარის რესურსების გამოყენება 1967 კოსმოსური მისიების თაობაზე არსებულ ხელშეკრულებასთან თანხვედრაშია.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მ, ისევე როგორც კოსმოსური მისიების მქონე სხვა სახელმწიფოებმა, 1979 წლის "მთვარის ხელშეკრულებას" ხელი არ მოაწერეს, რომლის მიხედვითაც კოსმოსში არსებული რესურსების კომერციული მოპოვება-გამოყენება საერთაშორისო რეგულატორულ სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს. 2015 წელს, კონგრესმა ამერიკულ კომპანიებს და მოქალაქეებს მთვარის და ასტეროიდების რესურსების გამოყენების უფლება დართო.
ახალი აღმასრულებელი ბრძანება ხაზს უსვამს აშშ-ის შეხედულებას, რომ კოსმოსი "საერთო საკუთრებას" არ ექვემდებარება.
აღმასრულებელი ბრძალება სახელწოდებით "კოსმოსური რესურსების მოპოვების, გამოყენების და საერთაშორისო მხარდაჭერის წახალისება", ერთი წლის მანძილზე მუშავდებოდა. ბრძანების სისრულეში მოყვანა, აშშ-ის Artemis-ის პროგრამამ და მასთან ასოცირებულმა საერთაშორისო მოლაპარაკებებმა განაპირობეს.
პროგრამა Artemis-ის ფარგლებში NASA ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე გაშვებას 2025 წლისთვის გეგმავს, 2028 წელს კი მიზანი იქ მუდმივი ბაზის შექმნაა. კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მთვარის რესურსების, განსაკუთრებით კი პოლარული კრატერების ფსკერზე არსებული ყინულის გამოყენება, Artemis-ის მისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა Artemis, აშშ-ის კოსმოსური პროგრამის პირველი საფეხურია. 2030-იანი წლებისთვის, NASA იმედოვნებს, რომ მთვარის მისიების გამოცდილება ასტრონავტების მარსზე გაგზავნაში დაეხმარება.
აშშ-ის კოსმოსური პორგრამების ეროვნული საკონსულოს აღმასრულებელი დირექტორის, სკოტ პასეს თქმით, Artemis-ის პროგრამა კოსმოსის ათვისების კომერციული მისიების წახალისებასაც ისახავს მიზნად.
ტრამპი აშშ-ის კოსმოსური მისიებისადმი ინტერესით გამოირჩევა. 2017 წელს მან "Space Policy Directive-1"-ს ხელი მოაწერა, რომელმაც Artemis-ს საფუძველი ჩაუყარა. 2019 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა "კოსმოსური ძალების", თავდაცვის დეპარტამენტის ახალი განშტოების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
კომენტარები