ეფლი და გუგლი iOS-სა და Android-ში ეპიდკონტაქტების გამოსავლენ სისტემას ქმნიან — COVID-19
Apple და Google კორონავირუსთან ბრძოლას გაერთიანებული ძალებით იწყებენ. ისინი საკუთარ ოპერაციულ სისტემებში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ახალ ფუნქციას ამატებენ, რომელიც Bluetooth-ის საშუალებით ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობას იძლევა.
სისტემა ასე მუშაობს:
ის Bluetooth-ის საშუალებით აგროვებს და ინახავს მონაცემებს იმ ტელეფონების შესახებ, რომლებიც ერთმანეთთან სიახლოვეში მოხვდნენ. ჯანდაცვის სამსახურების მიერ შექმნილ ოფიციალურ აპლიკაციებს ამ მონაცემებზე წვდომა ექნებათ, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში კი ადამიანები აპლიკაციაში ინფიცირებულის სტატუსს აირჩევენ. შემდეგ, სისტემა იმ ადამიანებს, რომელთაც ინფიცირებულთან სიახლოვე უფიქსირდებათ, შეტყობინებას უგზავნის.
სქემა ქვემოთ მოცემულ ფოტოზეცაა ახსნილი:
- ბობი და ელისი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და 10 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. ამ დროს მათმა ტელეფონებმა ანონიმური მაიდენტიფიცირებელი კოდები ავტომატურად გაცვალეს
- რამდენიმე დღის შემდეგ ბობს კორონავირუსი დაუდასტურდა და მას სპეციალურ აპლიკაციაში ეს ინფორმაცია შეჰყავს. ბობის თანხმობის შემდეგ, მისი ტელეფონი ბოლო 14 დღის განმავლობაში გამოყენებულ მაიდენტიფიცირებლებს სერვერზე 14 დღით ტვირთავს. ელისს კი შეტყობინება მისდის, რომ მას ინფიცირებულთან სიახლოვე დაუდასტურდა.
ეფლი და გუგლი iOS-ისა და ანდროიდის API-ს მაისის შუა რიცხვებში წარადგენს, რათა ჯანდაცვის სამსახურებმა ამ ფუნქციის საკუთარ აპლიკაციაში ინტეგრირება მოახდინონ.
ამ დროს მომხმარებლებს თავად მოუწევთ, რომ აპლიკაცია გადმოწერონ, რამაც, შესაძლოა, ეფექტიანობა შეამციროს. თუმცა API-ს გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში კომპანიები საკუთარ ოპერაციულ სისტემებში ამ ფუნქციას პირდაპირ ჩაამონტაჟებენ, რის შემდეგაც ის ყველასათვის ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდება.
ინფიცირებული ადამიანების კონტაქტების გამოვლენა და მათი იზოლირება COVID-19-ის წინააღმდეგ ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია, თუმცა ამისთვის ციფრული მეთვალყურეობის სისტემების გამოყენება პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, კონფიდენციალურობაზე და საერთოდ ასეთი სისტემების ეფექტიანობაზე მრავალ კითხვას აჩენს.
სხვა მეთოდებისგან განსხვავებით (მაგალითად, GPS), Bluetooth სისტემა ადამიანების ფიზიკურ ადგილმდებარეობას არ იწერს. ის უბრალოდ 5-წუთიანი ინტერვალებით ახლომდებარე ტელეფონებს აფიქსირებს და მათ მონაცემთა ბაზაში იწერს. თუ რომელიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდება, ისინი ამაზე აპლიკაციაში განაცხადებენ, შემდეგ კი სისტემა იმ ტელეფონებზე გაფრთხილებას გაგზავნის, რომლებიც ინფიცირებულის ტელეფონთან ამა თუ იმ დროს სიახლოვეში აღმოჩნდნენ.
სისტემაში ადამიანების ანონიმურობა რამდენიმე სხვადასხვა მეთოდითაა გარანტირებული. ტელეფონი Bluetooth-ის საშუალებით გარშემო მყოფ ტელეფონებს ანონიმურ მაიდენტიფიცირებელს უგზავნის, რომელიც ყოველ 15 წუთში იცვლება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მონიშნავს, რომ ის ინფიცირებულია, სისტემა მხოლოდ იმ პერიოდში არსებულ მაიდენტიფიცირებელ კოდებს აზიარებს, რომელთა დროსაც ადამიანი გადამდები იყო.
რაც მთავარია, არ არსებობს რაიმე ცენტრალური, მთავარი სია, სადაც ინფიცირებული ან არაინფიცირებული ტელეფონების მონაცემები ერთადაა შეკრებილი. ინფორმაციის დაცვისთვის აუცილებელ კრიპტოგრაფიულ გამოთვლებს კი ტელეფონები თავად აწარმოებენ. ცენტრალური სერვერი მხოლოდ გაზიარებული მაიდენტიფიცირებლების სიას შეინახავს, მათ ერთმანეთთან კავშირებს — არა.
გარკვეული მინუსები ამ მეთოდსაც აქვს. მაგალითად, ხალხმრავალ ადგილებში სისტემამ, შესაძლოა, ისეთი კონტაქტები მონიშნოს, რომლებიც სინამდვილეში კედლის იქით, სხვა ოთახში იმყოფებოდნენ, რაც ადამიანებს გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანს. სავარაუდოდ, სისტემა ასევე ვერ დააფიქსირებს რა დროის განმავლობაში ხდებოდა კონტაქტი — მთელი დღე, თუ წამიერად. ასევე, პირველ ფაზაში სისტემის მუშაობისთვის ადამიანებს აპლიკაციების გადმოწერა თავად მოუწევთ.
ასევე, ეს ახალი წამოწყებაა, Google და Apple კვლავ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ჯანდაცვის ორგანოებთან იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სისტემის დანერგვა. ეს მეთოდი კონტაქტების გამოვლენის ტრადიციულ მეთოდს — რომელიც ინფიცირებული ადამიანების დეტალურ გამოკითხვას მოიცავს — ალბათ ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ეს ამ პროცესის მაღალტექნოლოგიური ალტერნატივაა, თანაც იმ მოწყობილობების გამოყენებით, რომელსაც მილიარდობით ადამიანი ჯიბით ატარებს.
კომენტარები