კვლევა: ჩინეთში სისხლის პლაზმის გადასხმის შემდეგ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა — COVID-19
სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევრებმა COVID-19-ის მქონე, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში "პლაზმური თერაპიის" ეფექტურნობა შეისწავლეს.
მკურნალობის კურსი 10-მა პაციენტმა გაიარა, მათი ასაკი 34-დან 78 წლამდე მერყეობდა.
ვირუსულ ინფექციასთან გასამკლავებლად პაციენტებს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული დონორი პაციენტების პლაზმა გადაუსხეს, რომელიც SARS-COV-2 ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების მაღალ კონცენტრაციას შეიცავდა.
პლაზმური თერაპიის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული დონორების სისხლიდან აღებულმა პლაზმამ პაციენტებში კლინიკური სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და ხველება მნიშვნელოვნად შეამსუბუქა.
მკურნალობის კურსში მონაწილეებს ლიმფოციტების მაღალი კონცენტრაცია აღენიშნებოდათ. ასევე, მათ ღვიძლის და ფილტვის ფუნქციაც გაუუმჯობესდათ.
პლაზმის გადასხმიდან 7 დღის განმავლობაში პაციენტების ფილტვებზე არსებულმა დაზიანებებმა ზომაში დაპატარავება დაიწყო. 7 დღის შემდეგ კი ორგანიზმში ვირუსი აღარ ფიქსირდებოდა. ამასთანავე, როგორც კვლევაშია აღნიშნული, CP-ის გადასხმას რაიმე მნიშვნელოვანი საზიანო გვერდითი ეფექტი არ ჰქონია.
კვლევის მასშტაბი საკმაოდ მცირე იყო, თუმცა არსებული მონაცემები მაინც იმედისმომცემად გამოიყურება. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მკურნალობის აღნიშნული მეთოდი მძიმე პაციენტებთან გამოსაყენებლად, შესაძლოა, ვარგისი იყოს. თუმცა ამ მიგნებების დასადასტურებლად დამატებითი, უფრო მასშტაბური კვლევებია საჭირო.
კომენტარები