პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ლეტალური შედეგების ასაცილებლად საჭიროა დროულად მოხდეს მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და ტრანსპორტირება ცხელების ცენტრებიდან. მისი თქმით, ორი პაციენტი რამდენიმე საათით ადრე რომ გადაეყვანათ მათ კლინიკაში, მათთვის სიცოხლის შენარჩუნების მეტი შანსი იქნებოდა.

რატიანი განმარტავს, რომ მათი კლინიკა მძიმე პაციენტების მიმღებია და სთხოვს ექიმებს გაითვალისწინონ, როდის უნდა გადაიყვანონ პაციენტი.

"ყველა ექიმს მოვუწოდებ, ვინც არის ამ ცხელების ცენტრში, როგორც კი შენიშნავენ 60+1 [ასაკი] და სატურაციას 92-ს აუცილებლად, დაუყოვნებლივ გადმოიყვანონ ჩვენს კლინიკაში. ჩვენ ვართ რეფერალური კლინიკა, რომელიც იღებს ყველა მძიმე პაციენტს, თუ ვინმე არის და დაგვიანებულ შემთხვევას სჯობია ჩვენს კლინიკაში სწრაფად იქნეს მათი ჰოსპიტალიზაცია და პრანსპორტირება, რომ ასეთი ლეტალური შედეგები არ გვქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ურესურსო პაციენტები იყვნენ ორივე, მაინც ვფიქრობთ, რომ რამდენიმე საათი დაგვიანდა მათი ჩვენთან გადმოყვანა. თუ შესაძლებელი იქნებოდა მათი სწრაფი ტრანსპორტირება და სწრაფი ჰოსპიტალიზაცია, უფრო დიდი შანსი გააჩნდათ პაციენტებს, რომ სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ჰყავთ ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც, ასევე, გვიან შეიყვანეს კლინიკაში.

"აქაც დაგვიანებული შემთხვევაა იმიტომ, რომ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სატურაცია იყო 67. ეს ის მომენტია, როცა წესით და კანონით ცოცხალი არსება, სიცოცხლეს წყვეტს. მაგრამ ამ ეტაპზე ეს პაციენტი აგრძელებს მკურნალობა. იმედია, რომ ჩვენი ჩატარებული ღონისძიებები დადებით შედეს გამოიღებს", — განაცხადა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2 გარდაიცვალა და 36 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5067 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 330.

ინფექციური სავადმყოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან მყოფი 2 არასწრულწლოვნის ტესტირების პერიოდიც დადგა და ის ვარაუდობს, რომ კლინიკას გამოჯანმრთელებულები დატოვებენ. მანვე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რამდენიმე ადამიანით გაიზრდება

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: