საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, კორონავირუსის დროს ეკლესიაში ღვთისმსახურების საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ პრობლემა არ შეექმნას არც ადამიანების ჯანმრთელობას და არც რელიგიის თავისუფლებას.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, რმ საპატრიარქოსთან კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

"კონსულტაციები გაგრძელდება და ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა მივიღოთ ისეთი სურათი, რომელიც ერთი მხრივ არ შეუქმნის პრობლემას ადამიანების ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, ეკლესიას მისცემს რწმენის თავისუფლებით სარგებლობის საშუალებას, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს და ამის მთავარი ინსტრუმენტი იქნება კონსულტაციები", — ამბობს კობახიძე.

საგანგებო მდგომარეობის და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხალხმრავალ წირვებზე უარს არ ამბობს. ტაძრების ნაწილში დისტანციის დაცვას ცდილობენ, თუმცა მრევლს კვლავ საერთო კოვზით აზიარებენ. ამასთან, სხვადასხვა მედიაში არაერთხელ გავრცელდა ფოტო თუ ვიდე მასალა, სადაც ეკლესიაში არასრულწლოვნები, ასევე, ორსულები არიან.

აღსანიშნავია, რომ ეკლესია არ არის არც იმ გამონაკლისებს შორის, სადაც, შეკრება არ იკრძალება.

გუშინ, პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.