დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდათ რუსთავში ინფიცირებულთან, მათი ყველა კონტაქტი დადგენილია და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

"ისინი [ბანკის საცავის თანამშრომლები] ყველანი ყაზარმულზე იყვნენ, ანუ მორიგეობით ასრულებდნენ სამუშაოს. ეს ერთი კლასტერია. რუსთავში მყოფი ინფიცირებული არ იყო ყაზარმულზე, მაგრამ ამათთან ერთად მუშაობდა. აქედან გამომდინარე ყველა კონტაქტი დადგენილია", — განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი შესაბამის სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უკვე გადაიყვანეს. ეროვნული ბანკის ცნობით, ინფიცირებულები სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 130-მდე შეადგინა. მათ შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 281.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.