5 თამაში, რომელიც იზოლაციის დროს სოციალიზაციაში დაგეხმარებათ
COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ უამრავ ადამიანს თვითიზოლაციისკენ უბიძგა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ბევრი ჩვენგანი სახლში გამოკეტა.
მე პირადად დიდად სოციალურად აქტიური ადამიანი არ ვარ, მაგრამ როცა მეუბნებიან "სახლიდან არ გახვიდე... ბარში არ წახვიდე... კინოში არ შეიძლება!", ინსტინქტურად ყველაფერი ზემოხსენებულის გაკეთება მინდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანიც ასე გრძნობს თავს.
მეგობრები და ნათესავები ყველას გვენატრება. ვიდეოჩატი ან დარეკვა კი მოსაწყენი გახდა. ეკრანზე ამხანაგის გამოსახულების ყურება, მის ფიზიკურად ხილვას ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ, თვითიზოლაციის უმტკივნეულოდ გატარებისთვის, ვგონებ გარკვეული "აქტივობები" ნამდვილად სასარგებლო იქნება.
ვფიქრობ არსებულ ვითარებაში, კომპიუტერული თამაშები მოწყენილებასაც შეგვიმსუბუქებს და მეგობრებთან დისტანციურ ურთიერთობას უფრო სახალისოს გახდის. ამ სიაში გაგაცნობთ რამდენიმე თამაშს, რომლებიც გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ითამაშოთ, ძალიან დახვეწილი და ლამაზია.
1. Unrailed — მოულოდნელი აზარტი
ამ თამაშისადმი თავის დროზე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მეტწილად იმიტომ, რომ CO-OP თამაშები დამწყებთათვის საკმაოდ რთულია ხოლმე. Dota 2-ის ან CS GO-ის თამაშისგან სიამოვნების მიღება ნაწილობრივ, ხანგრძლივ პრაქტიკასთან ერთად მოდის.
Unrailed საკმაოდ მარტივია. მისის თამაში ერთდროულად 4 ადამიანს შეუძლია. მთავარი მისია შემდეგია: გაიყვანეთ რკინიგზა მატარებლისთვის, რომ უსაფრთხოდ მივიდეს სადგურამდე. ამისთვის თქვენ მოგიწევთ ხეების გაჩეხვა, ქვის მოპოვება და ა.შ.
დროთა განმავლობაში მატარებელი უფრო სწრაფი ხდება და ლიანდაგის გაყვანა უფრო რთულდება.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ძალიან მარტივი გრაფიკა აქვს, ის ხშირად საკმაოდ თვალწარმტაცია.
Unrailed-ს არც მძლავრი პროცესორი ჭირდება, არც უახლესი ვიდეო ბარათი. ჩაწერეთ, ითამაშეთ, ააგეთ გზა, დატუქსეთ მეგობარი იმიტომ, რომ ლიანდაგისთვის საკმარისი მასალა ვერ შეაგროვა და გაერთეთ.
ამ თამაშის ყიდვა Steam-ზე შეგიძლიათ.
2. Duck Game — დისტოპია, სადაც იხვები ერთმანეთს ებრძვიან
მეგობრებთან კოოპერაციის გარდა, დაპირისპირებაც სახალისოა ხოლმე. Duck Game ამის კარგ შესაძლებლობას იძლევა.
თამაშს ძალიან სწრაფი ტემპი აქვს. უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი იხვი პერსონაჟი, სასურველი საბრძოლო გარემო და არავითარ შემთხვევაში არ დაინდოთ ამხანაგები.
მარტივი გრაფიკის მიუხედავად, Duck Game-ის გარემო, სხვადასხვა რუკა და თამაშის სპეციფიკა ძალიან ფართო არჩევანს იძლევა. თამაშის მექანიკური მხარე და მართვის სტილი საკმაოდ თანამედროვეა. ხოლო ზოგი იარაღი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ — საკმაოდ ინოვაციური.
თქვენ ამხანაგს შეგიძლიათ ესროლოთ რაკეტა, ისარი, ტყვიამფრქვევი ან უბრალოდ აკონტროლოთ მისი პერსონაჟის "გონება". ხშირ თამაშთან და გამოცდილებასთან ერთად, Duck Game უსასრულოდ უფრო სახალისო ხდება. თუმცა, ის რთული ასათვისებელი არც დამწყები მოთამაშეებისთვის არის.
ამჟამად Steam-ზე Duck Game-ზე 80 პროცენტიანი ფასდაკლებაა.
3. Dead by Daylight — გასართობი "ჰორორი"
ჰორორის ჟანრის თამაშებით ტკბობა CO-OP-ში ნაკლებად არის ხოლმე შესაძლებელი. ჟანრის ბევრი კლასიკა, როგორიცაა Silent Hill ან Amnesia, უფრო ხშირად ერთ მოთამაშეზეა ხოლმე გათვლილი.
Dead by Daylight ამ ტრადიციას არღვევს. თამაში ორ გუნდს შორის იმართება: მონადირეებს და მსხვერპლს შორის.
შეგიძლიათ იყოთ მკვლელი, რომელმაც სხვა მოთამაშეები უნდა დაიჭიროს და დაამწყვდიოს ან იყოთ "მსხვერპლი", რომელიც მკვლელს უნდა დაემალოს. ამავე ჟანრის უფრო თანამედროვე თამაშია — Deathgarden, რომელიც ბევრად სწრაფად მიმდინარეობს და მეტად ინტენსიურია.
თუმცა, Dead by Daylight სავსეა თანამედროვე პოპ კულტურის პერსონაჟებით, დაწყებული ხერხის მანიაკით, დამთავრებული Stranger Things-ის დემაგორგონით. ამასთანავე, თამაშის შედარებით ნელი ტემპი ჰორორის ჟანრს უკეთ ერგება. სიბნელეში ნელა უნდა გადაადგილდეთ, თორემ მკვლელი გიპოვით და თამაში დასრულდება!
ერთადერთი მინუსი, რაც ამ თამაშს აქვს მისი ზომაა. მიუხედავად იმისა, რომ Dead by Daylight დახვეწილ, ძვირადღირებულ კომპიუტერს არ საჭიროებს. მას უბრალო ულტრაბუქი ან ლეპტოპი ვიდეო ბარათის გარეშე კარგად ვერ გაუმკლავდება.
მიუხედავად ამისა, თუ გინდათ, რომ დრო ისეთ თამაშში ჩადოთ, რომელიც გამოცდილების მიღებასთან ერთად უფრო საინტერესო ხდება და რომელიც ძალიან ჩამთრევია, Dead by Daylight იდეალურია.
4. Minecraft — გავიხსენოთ კლასიკა
ლეგენდარული თამაში Minecraft მარკუს პერსონმა შექმნა. ის ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის, თუმცა თამაშმა მასობრივი პოპულარობა 2011 წელს მოიპოვა. ლეგენდარული Minecraft ხშირად ყველაზე გაყიდვად თამაშად მიიჩნევა.
თამაშს ძალიან მარტივი გრაფიკა აქვს, თუმცა უსასრულო სამყაროების გენერირება და მილიონობით Mod-ის არსებობა მას უპრეცედენტო მრავალფეროვნებას და სილამაზეს სძენს. თამაში რამდენიმენაირად შეგიძლიათ ითამაშოთ.
შემოქმედებით რეჟიმში უსასრულო რესურსებით, ყველანაირი შეფერხების გარეშე ააშენოთ ქალაქები, შექმნათ პერსონაჟები და მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი თქვენი სცენარით წარმართოთ.
Minecraft-ის სერვერებზე უამრავი ადამიანი მათი საყვარელი გადაცემების ან ფილმების სამყაროს შექმნას ცდილობს. ზოგი Game of Thrones-ის ქალაქებს აშენებს, ზოგიც კი "ვარსკვლავური ომების" ხომალდებს.
კიდევ არსებობს გადარჩენის რეჟიმი, სადაც ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ იმიტომ, რომ ღამით ეგრედწოდებული "კრიპერები" გამოდიან (ზომბები, ჩონჩხები და ა.შ), მიახლოების შემთხვევაში კი შეიძლება აფეთქდნენ და თქვენც გაგიყოლონ. აქ რესურსებიც ლიმიტირებულია და ბევრ რამეში უფრო მეტად შეზღუდული ხართ.
თუმცა, გადარჩენის რეჟიმი ონლაინში სათამაშოდ ბევრად სახალისოა. არსებობს უამრავი სპეციალურად შექმნილი რუკა, სადაც შეგიძლიათ მეგობრებს შეებრძოლოთ. მსგავს სერვერებს თავიანთი წესები აქვთ და ზოგში ასობით მოთამაშეა.
რადგან Minecraft უამრავ შესაძლებლობას იძლევა ის ხშირად მხოლოდ "სათამაშოდ" არ გამოიყენება: Microsoft-ის MakeCode პროგრამა მსურველებს კომპიუტერულ პროგრამირებას Minecraft-ში ასწავლის.
ხშირად კომპიუტერული პროგრამირება ზედმეტად აბსტრაქტულად გამოიყენება. როგორ შეიძლება ეკრანზე დაწერილი სიმბოლოები რეალურ, ფიზიკურ მოვლენებს ახორციელდებს? Minecraft-ში კოდირების ფიზიკური მანიფესტაცია, სტუდენტებს პროგრამირების ხიბლის უკეთ აღქმაში ეხმარებათ.
5. Bubble Struggle
მსოფლიოში უამრავი თამაში არსებობს, ბევრ მათგანს თვალწარმტაცი გრაფიკა აქვს, ზოგს ძალიან დახვეწილი მექანიკა, ზოგი კი უბრალოდ ძალიან საინტერესოა. თუმცა, არცერთი თამაში ახლოს არ მივა Bubble Struggle-თან (ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით).
ეს MINICLIP-ის ონლაინ ჯავა თამაშია, ერთ-ერთი მრავალთაგანი, რომელსაც ბავშვობაში სკოლის "ინფორმატიკის კაბინეტში" კლასელებთან ერთად ვთამაშობდი. ჩემი ასაკის ხალხმა მის შესახებ ალბათ იცით, თუმცა დანარჩენებისთვის სჯობს ის უკეთ განვმარტოთ.
თამაში ორში შეგიძლიათ ითამაშოთ. ასე რომ თუ ვინმესთან ერთად ხართ გამოკეტილი, ის იდეალურია. თამაშის მიზანია, რომ ჩამოვარდნილი ბურთები გახეთქოთ ისე, რომ არ შეეხოთ მათ. ყოველი შემდეგი საფეხური უფრო და უფრო რთულია, შესაბამისად, შფოთვაც მზარდია (ეს კარგი გამოსავალია, თუ მის ნაკლებობას განიცდით).
Bubble Struggle-მდე Bubble Trouble იყო, თუმცა მე პირადად Struggle მირჩევნია. რატომ არ ვიცი, ჩემი კლასელი ამბობდა ხოლმე, უკეთესიაო. ამიტომ დღემდე მჯერა მისი.
ნუღარ მოიცდით, ჩართეთ Bubble Struggle თქვენთან ერთად იზოლაციაში მყოფ ადამიანთან და შეიძულეთ ერთმანეთი!
კომენტარები