კორონავირუსი ჩვენს სისტემებსა და ღირებულებებს გამოცდას უწყობს
კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ყველას თანაბრად უნდა ჰქონდეს მკურნალობაზე წვდომა, — წერს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი.
თუ ოდესმე იმის შეხსენება დაგვჭირვებია, რომ მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ვცხოვრობთ, ახალი კორონავირუსი ამის დავიწყების შესაძლებლობას ნამდვილად აღარ მოგვცემს.
ამ პრობლემასთან ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გამკლავებას და საზოგადოების არცერთი ფენა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ, თუ გვსურს, რომ ამ გლობალურ გამოწვევას ეფექტიანად გავუმკლავდეთ.
COVID-19 არამარტო ჯანდაცვის სისტემებისა და ინფექციურ დაავადებაზე კონტროლის მექანიზმების გამომცდელი ტესტია, არამედ იმისაც, თუ რამდენად შევძლებთ გავერთიანდეთ ერთ გლობალურ საზოგადოებად და საერთო პრობლემას მხარდამხარ დავუპირისპირდეთ. ეს იმის გამოცდაცაა, თუ რამდენად გასწვდება ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი სოციო-ეკონომიკური პროგრესის სიკეთეები საზოგადოების დაუცველ ფენებს, რომლებიც ძალაუფლებრივი ბერკეტებისგან ყველაზე მოშორებით იმყოფებიან.
მომავალი თვეები ასევე გამოცდის კრიზისის მართვისა და სამოქალაქო დაცვის ეროვნულ სისტემებს და უდავოდ გამოააშკარავებს სანიტარული მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობებისა და ჯანმრთელობის საერთო სურათზე მოქმედი სხვა ფაქტორების ნაკლებს.
კაცობრიობის პასუხი ეპიდემიაზე აუცილებლად უნდა შეეხოს — და, რეალურად, ფოკუსირდეს კიდეც — იმ ადამიანებზე, რომლებსაც საზოგადოება ხშირად უგულებელყოფს ან ნაკლებ ყურადღებას აქცევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ პანდემიასთან ბრძოლაში წავაგებთ.
თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა გადაჯაჭვულია საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფების წევრების მდგომარეობასთან. კორონავირუსის გავრცელების აღკვეთა მოითხოვს მოქმედების რადიუსის გაფართოებას, რათა მკურნალობის საშუალებებზე თანაბარი წვდომა ყველასთვის გარანტირებული იყოს.
ეს გულისხმობს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბითაა საჭირო ჯანდაცვის სფეროში არსებული ბარიერების გადალახვა და იმ შერჩევითი მკურნალობის პრაქტიკის აღმოფხრა, რომელიც ეკონომიკურ, გენდერულ, გეოგრაფიულ, რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სოციალურ სტატუსთან დაკავშირებულ ფაქტორებს ეფუძნება.
ისეთი სისტემური მიკერძოებების დაძლევა, რომელთა გამოც უგულებელყოფილია ქალების მსგავსი მოწყვლადი ჯგუფების უფლებები და საჭიროებები ან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან რიყავს უმცირესობებს, გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება COVID-19-ის ეფექტიანი პრევენციისა და მკურნალობის პროცესში.
ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ინსტიტუციებში, როგორებიცაა მოხუცთა თავშესაფრები ან პენიტენციალური დაწესებულებები, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაუცველნი აღმოჩნდებიან შექმნილ სიტუაციაში. ამიტომ სახელმწიფოთა მიერ კრიზისების მართვისა და საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვისას ამ ჯგუფებს ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოთ.
მიგრანტები და ლტოლვილები — მათი ფორმალური სტატუსის განურჩევლად — განუყოფელი ნაწილი უნდა იყვნენ სახელმწიფო სისტემების მიერ ვირუსთან გასამკლავებლად შემუშავებული გეგმის. ამ ქალების, კაცებისა და ბავშვების უმრავლესობა ისეთ ადგილებში სახლობენ, სადაც ჯანდაცვის სერვისები გადატვირთული ან ხელმიუწვდომელია.
მათი უდიდესი ნაწილი ისეთ მჭიდროდასახლებულ ბანაკებში, დროებით დასახლებებში ან ქალაქის ღარიბ გარეუბნებში ცხოვრობს, სადაც სანიტარული რესურსები ერთობ მწირია, ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს.
საერთაშორისო დახმარება გადამწყვეტია ამ ადამიანთა მასპინძელი ქვეყნების სამედიცინო სერვისების გასაუმჯობესებლად — როგორც მიგრანტებისთვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებთათვის. მარგინალიზებული ჯგუფები აუცილებლად უნდა იყვნენ გათვალისწინებულნი მეთვალყურეობის, პრევენციისა და საპასუხო ქმედებების განხორციელებისას. მარცხი ამ მიმართულებით საფრთხეში ჩააგდებს ყველას ჯანმრთელობას და მათ მიმართ მტრულ დამოკიდებულებისა და სტიგმის გაღრმავებას გამოიწვევს.
ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზღვრების კონტროლის გაძლიერებამ, სამგზავრო რეგულაციებმა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ არ შეუშალოს ხელი იმ ადამიანების მშვიდ და დაცულ ტერიტორიებზე გადაყვანას, რომლებიც გაურბიან ომს ან უსამართლოდ იდევნებიან.
უშუალოდ ამ მყისიერი გამოწვევების გარდა, კორონავირუსი უეჭველად იქნება ჩვენი პრინციპების, ღირებულებებისა და ჰუმანურობის გამომცდელი ტესტიც. მსოფლიოში ვირუსის სწრაფად გავრცელების პირობებში, როცა დაინფიცირებულთა რიცხვი არაა ბოლომდე სარწმუნო და ვაქცინამდეც თვეები გვაშორებს, ეს ახალი დაავადება ინდივიდებსა და საზოგადოებაში ღრმად ფესვებგადგმულ შიშებს აღვიძებს და შეშფოთებას ნერგავს.
არაკეთილსინდისიერი ადამიანები ამ მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებას ნამდვილად შეეცდებიან და შიშზე მანიპულირებით გააღრმავებენ უარყოფით განწყობას. როდესაც შიში და დაურწმუნებლობა გვიტევს, განტევების ვაცის მოძებნისგან არც ისე შორს ვართ. ჩვენ უკვე ვიხილეთ აზიური წარმომავლობის ხალხის მიმართ ბრაზი და მტრული დამოკიდებულება.
თუ ამ ტენდენციას არ გავაკონტროლებთ, დამნაშავეების პოვნისა და მათი გარიყვის სურვილი სხვა ჯგუფებზეც გავრცელდება — ძირითადად, უმცირესობებზე, მარგინალიზებული თემების წევრებზე და ზოგადად ნებისმიერზე, რომელსაც "უცხოელის" იარლიყი მიეკერება.
განსაკუთრებულ სამიზნედ კი ის ადამიანები აღმოჩნდებიან, რომლებსაც დღეს ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილება უწევთ — ასეთები მეტწილად ლტოლვილები გახლავთ. თუმცა თავად კორონავირუსი დისკრიმინაციას არ ცნობს; დღეისთვის დაინფიცირებულთა შორის მრავლად არიან ტურისტები, საერთაშორისო ბიზნესში მომუშავენი, სპორტსმენები, პოპკულტურის ვარსკვლავები და მაღალი რანგის პოლიტიკოსებიც კი.
პანიკასა და დისკრიმინაციას არასდროს გადაუჭრია კრიზისი. პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთ თავზე და გამჭვირვალობითა და დროული ინფორმაციის მიწოდებით მოიპოვონ საზოგადოების ნდობა; მათ მხარდამხარ უნდა იმუშაონ საყოველთაო კეთილდღეობისთვის და ხალხს უნდა მოუწოდონ, ჩაერთონ ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.
ჭორებს, შიშსა და ისტერიას აყოლა არა მხოლოდ შეაფერხებს საპასუხო ღონისძიებებს, არამედ, შეიძლება, ამან ადამიანის უფლებების დაცვასა და პასუხისმგებლიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასაც კი შეუშალოს ხელი.
ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს დღეს კორონავირუსის გავლენისგან თავის დაცვას — როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ამაზე ნათლად მეტყველებს თუნდაც საფონდო ბირჟების კრიზისი და სკოლების დაკეტვა.
პანდემიაზე ისეთი საერთაშორისო რეაგირება, რომელიც განვითარებად ქვეყნებს დიაგნოსტირებისთვის, მკურნალობისა და დაავადების პრევენციისთვის საჭირო აღჭურვილობით მოამარაგებს, გადამწყვეტი იქნება მილიარდობით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) უზრუნველყოფს ექსპერტიზას ზედამხედველობითი სისტემების, შემთხვევათა გამოძიების, კონტაქტების დადგენის, კვლევებისა და ვაქცინის შემუშავების საკითხებში. ეს იმის სანიმუშო მაგალითია, რომ საერთაშორისო სოლიდარობა და ურთიერთდაკავშირებული სისტემების მრავალმხრივი ჩართულობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
გრძელვადიან გეგმაში ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა მიუკერძოებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემების შესაქმნელად. ხოლო ის, თუ როგორ ვუპასუხებთ კრიზისს ახლა, მომავალი ათწლეულებისთვის შექმნის მსგავს ვითარებებში საჭირო სამოქმედო გეგმის ნიმუშს.
თუ კორონავირუსზე ჩვენი პასუხი დაემყარება საჯარო ნდობის, გამჭვირვალობის, პატივისცემისა და მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ ემპათიის პრინციპებს, ჩვენ არა მხოლოდ ადამიანის ბაზისურ უფლებებს დავიცავთ, არამედ შევქმნით ყველაზე ეფექტიან იარაღებს ამ რთული სიტუაციის სამართავად, რაც სამომავლო კრიზისებისთვისაც მოგვამზადებს.
კომენტარები